მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო - "აღმკვეთის შემდეგ, პროცესი არ ყოფილა"

ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მეოთხედაც გადაიდო. როგორც bm.ge-ის მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა, პროცესი რომელიც თებერვალში უნდა ჩატარებულიყო ისევ გადაიდო. ამჯერად, პროცესის ჩატარების დროდ მონიშნული მარტია, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობია.

"ამჯერად ვიცით, რომ მარტში უნდა ჩატარდეს. აღმკვეთის შემდეგ პროცესი არ ყოფილა", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესი ჯერ 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, შემდეგ 24 ოქტომბერს, შემდეგ 14 დეკემბერს, შემდეგ კი, თებერვალში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებს. საქმეზე სასამართლომ ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები