„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა. წერს "ინტერპრესნიუსი".
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო და როგორც მან განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დაკმაყოფილდა. როგორც გიორგი გელაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის მისი განზრახი ქმედებით საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს.
ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვით სარგებლობით ნების დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დააყენა.
ადვოკატის თქმით, საბოლოო სიტყვით სარგებლობა ბრალდებულის ექსკლუზიური უფლებაა და ბრალდებულის თუნდაც, მიმალვა და არ გამოცხადება, სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გარკვეული ფარული მიზნებით მის დასასჯელად არ უნდა იყოს მიმართული.
პროკურორი მიხეილ სადრაძე არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას, ეს კი მისი არჩევანია.
აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულის უმორჩილესი თხოვნა და სურვილია, მან საბოლოო სიტყვა თქვას. მისივე თქმით, პრაქტიკა ჰქონია, როცა ძებნილი პირი ჩართო სასამართლომ. ასევე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გაძევებული პირისთვის აღნიშნულის უფლება მიუციათ.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიორგი ბაჩიაშვილს ამჟამად პროკურატურა ედავება საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთას, ასევე ორ საქმეს, რომლებშიც მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილია. მათგან პირველია დავა "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილი აცხადებს რომ მას ეკუთვნის ის ბიტკოინები, რომლებიც გიორგი ბაჩიაშვილმა ქართუ ბანკიდან აღებული სესხით განხორციელებული ბიზნესპროექტის შედეგად გამოიმუშავა. ბიტკოინების რაოდენობა 9000-ს შეადგენს. მეორე დავა კი მტკვარი ჰესის პროექტს შეეხება, სადაც ივანიშვილი აცხადებს რომ გიორგი ბაჩიაშვილმა, თანაინვესტირების ფონდის CEO-ს პოსტზე მუშაობისას წინასწარ არ შეაფასა ის რისკები, რაც მტკვარი ჰესის განხორციელებას უკავშირდებოდა, რასაც შემდგომში პროექტის ვადაგადაცილება და 100 მილიონი დოლარით გაძვირება მოჰყვა. დაცვის მხარის შეფასებით ორივე ბრალი აბსურდულია, მეტიც "მტკვარი ჰესთან" დაკავშირებით წარდგენილი ბრალი ბაჩიაშვილის ინფორმაციით ხანდაზმულია, რადგანაც ბრალში აღწერილი მოვლენები 2014 წელს განხორციელდა, ხოლო წარდგენილი მუხლის ხანდაზმულობა 6 წელს შეადგენს.