""საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სტატისტიკა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სწორ შეფასებას არ წარმოადგენს“, - ამის შესახებ განცხაადება გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი" შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.
გიორგი ბაჯელიძის განცხადებით, სისტემა მთლიანად პარალიზებულია და სახელმწიფო შესყიდვების სისტემით დაახლოებით, 300-დან 500 მილიონამდე თანხა იკარგება.
ბაჯელიძის ბრალდებებს არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით პასუხობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ბაჯელიძის განცხადებები დაუსაბუთებელია.
"ჩვენ ვართ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ორგანიზაციის ნაწილი და გვაქვს პროფესიული და ეთიკის სტანდარტები, რაც ჩვენგან მოითხოვს მხოლოდ მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთებას. შესაბამისად, ჩვენი შიდა მიმოხილვის პროცედურების საშუალებით ნებისმიერ დასკვნას ათასჯერ ვწონით, რომ დაუსაბუთებლად არ მოვედავოთ რომელიმე საჯარო დაწესებულებას რაიმეს და დაუსაბუთებელი კრიტიკა არ იყოს მათთვის ანტისტიმული“, - განმარტავენ არასამთავრობოში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით მათი ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის გამარტივებული შესყიდვების procurement.gov.ge-დან აღებულ მონაცემებს მოიცავს, რაც შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ხან ცანს, ხან კი ქრება.
„გადაცემაში ვთქვით, რომ მთავრობის, შსს, თავდაცვის გამარტივებული შესყიდვების ხელშკრულებების ატვირთვის პრობლემა დღემდე გრძელდება. ჩვენ ამ სამ უწყებაზე ერთად ვლაპარაკობთ და ვთქვით, რომ ნაწილი არის ატვირთული (შსს-ს ნაწილი ნამდვილად ატვირთულია და ეხლაც ჩანს), ნაწილი - არა. არ გვაცალეს გველაპარაკა პრობლემებზე (მაგალითად იმაზე, რომ შსს-ს ყველაზე მსხვილი ხელშეკრულებები არ არის ატვირთული).
procurement.gov.ge -ზე უამრავი ძალიან სადავო შესყიდვის ხელშეკრულებაა ატვირთული და ჩვენი კითხვა არის ის თუ მთავრობის ადმინისტრაციამ, მაგალითად, საკანონმდებლო მაცნესთან ან ჩვენს მიერ "ბიზნესკონტრაქტისთვის" მიწოდებულ ექსელის ფაილში მოცემულ რომელიმე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება რატომ უნდა მალოს. მაგალითად, თავდაცვა და შსს გასაგებია რატომ მალავს ხელშეკრულებებს (არა სახ. შესყიდვების სააგენტო, როგორც ბაჯელიძე ამბობდა, არამედ თავად ეს შემსყიდველები), მაგრამ მთავრობის ადმინისტრაცია გაუგებარია რატომ უნდა მალავდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევაში ეს ტექნიკური ხარვეზია. მოწოდებული ექსელის დანართის მონაცემები, ნამდვილად procurement.gov.ge-დან არის აღებული და თუ იქ არასდროს დევს ინფორმაცია, ვერც ჩვენ ავიღებდით.
ჩვენი აზრით პრობლემა ის არის, რომ სააგენტო საკმარისად არ მუშაობს შსს-სთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ ამათ რეგულარულად ატვირთონ გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები (თავდაცვა ცალკე თემაა და გვესმის, რომ აქ გამჭვირვალობის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები დაბალანსებას მოითხოვს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით თავდაცვის სამინისტრო ისეთ შესყიდვებსაც ასაიდუმლოებს, როგორიც არის საკანცელარიო საქონლის შესყიდვები, რაც სრულიად მიუღებელია).
2.სააგენტო ვერ დამალავს ხელშეკრულებებს ან სხვა ინფორმაციას იმიტომ, რომ ხელშეკრულებებს შემსყიდველები ტვირთავენ. ამ ქვეყანაში არის დაახლოებით 4500 შემსყიდველი და თითქმის 30,000 მიმწოდებელი. ბაჯელიძე ამბობდა, რომ სააგენტო არის ტოტალურად კორუმპირებული, რადგან გამოცდილების არმქონე კომპანიებთან ფორმდება კონტრაქტები და მაგალითად 54 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებულად იქნა გაფორმებული. თუ ამ 54 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2015 წლის 1 ნოემბრის შემდეგ ამ შემსყიდველს მოსთხოვდნენ შეთანხმებას და შესაბამისად დასაბუთებას. თუ ეს მოხდა ნოემბრამდე მაშინ იქნებოდა მთავრობის განკარგულებით გაცემული ნებართვა, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და მთავრობის ნებართვით შემსყიდველები გამარტივებულად ისეთ შესყიდვებს ახორცილებდნენ (ასეთი იყო გამარტივებული შესყიდვების უმეტესობა), რისი გამარტივებულად შესყიდვის აუცილებლობაც არ იყო. ეს თავისთავად იყო კორუფციის წყარო, თუმცა 2015 წლის 1 ნოემბრიდან სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა და ამის არაღნიშვნა უბრალოდ უსამართლობა და დაუნახაობაა.
3. რაც შეეხება კომპანიების გამოცდილებას, გამოცდილების ზღვარი კანონმდებლობით ვერ დააწესდება და შემსყიდველს ახლადდაარსებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებას კანონმდებლობით ვერ აუკრძალავ, რადგან ეს თავის მხრივ სხვა რისკებს წარმოშობს. ჩვენ გამოუცდელი კომპანიების მიერ ტენდერების მოგების ცალკეულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ ჩვენს პუბლიკაციებში, მაგრამ ესეც არის შემსყიდველების და არა სააგენტოს პრობლემა. ამ პრობლემის წინაშე ევროკავშირის არაერთი (მათ შორის ე.წ. ძველი ევროპის) ქვეყანა დგას. აქ ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას თუ რა შეიძლება სახ. შესყიდვების ადმინისტრატორმა გააკეთოს (ჩვენს შემთხვევაში სააგენტომ), რომ მათ შესაბამისი რეკომენდაცია მივცეთ“, - ნათქვამია არასამთავრობოს განცხადებაში.

























