მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბახტაძე გარდაბანში თბოსადგურების მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

61b71560329d3
BM.GE
13.12.21 13:39
1037
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, შპს „გარდაბნის თბოსადგურსა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.

კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა შვილობილი კომპანიების, თბოსადგურების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა.

შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის დირექტორ მერაბ კიპაროიძესთან შეხვედრისას, კორპორაციის ხელმძღვანელმა თბოსადგურების სამუშაო დღის წესრიგი მიმოიხილა. დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და განისაზღვრა სამომავლო მიზნები.

230 მგვტ-ს სიმძლავრის მქონე შპს „გარდაბნის თბოსადგური“ ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიცია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელდა. კომბინირებული ციკლის თბოსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.

რაც შეეხება „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს, მისი მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. 2020 წლის მარტში კი ექსპლუატაციაში შევიდა. მეორე თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. იგი თანამედროვე ტიპის, ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით არის აღჭურვილი. “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის დროს, ელექტროსისიტემისგან დამოუკიდებლად, სადგურის გაშვება იქნება შესაძლებელი.

„ორივე პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგო-სექტორის მდგრადობისა და წარმატებული განვითარებისთვის“, - ნათქვამია კორპორაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები