მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

გიორგი ჩიკვაიძე
23.09.25 11:44
470

გიორგი ჩიკვაიძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ეს გლდანის მე-8 დაწესებულების ახალი დირექტორის მხრიდან ზეწოლას უკავშირდება.

"პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა... დღეს, 23 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო... პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას",- წერს ეკა წერეთელი.

დღესვე, გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც გამოეხმაურნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას პაემნის უფლება აეკრძალა.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.

აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად",- განაცხადეს უწყებაში.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ჩიკვაიძე დაპატიმრების შემდეგ შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები