ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი 17 აპრილისთვის გადაიდო.
პროცესის გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა ბრალდებულ ჩიკვაიძის ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლო პროცესზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, რომ ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება რეკომენდებული არ იყო, ამასთან, თავად ჩიკვაიძე უარს აცხადებდა ტექნიკური საშუალებით დისტანციურად ჩართვაზე.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი.
გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა.
ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას ითხოვდა.
ჩიკვაიძე დაპატიმრების შემდეგ შიმშილობს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.