ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ ენერგოპროექტების გეგმაზე მუშაობს, რაც 2030 წლისთვის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო. ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სამინისტროს გეგმაში წარმოდგენილი პროექტები „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის მიხედვით განხორციელდება.
„როგორც კი დამთავრდება ეს კვლევა და შესაბამისი გეგმა გვექნება, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ამ ჰესებზე მუშაობას, რომ აშენდეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
კითხვაზე, რა ადგილი ექნება სამინისტროს პრიორიტეტული ობიექტების ნუსხაში „ხუდონჰესს“, გიორგი ჩიქოვანმა პასუხად აღნიშნა, რომ ეს კვლევის საგანია.
რაც შეეხება პრიორიტეტებს პროექტების მასშტაბების გათვალისწინებით - მცირე, საშუალო, თუ დიდი ჰესები იქნება ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ტემპს დააკვირდება და ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე ამ ფაქტორის გათვალისწინებით იმუშავებს.
„ჩვენ იქიდან გამოვდივართ, თუ როგორი მოთხოვნა გვექნება და ეს მოთხოვნა ყველაზე ეკონომიურად და ოპტიმალურად როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს შეიძლება იყოს გაზი, ხუდონი, მზე, ან ქარი. ალბათ, ენერგიის ყველა წყარო იქნება, რაც საქართველოში არსებობს. ჩვენი ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება წელიწადში 20 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწევს, ანუ დღევანდელთან შედარებით დაახლოებით, 8 მილიარდი დაგვემატება“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.