მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ჩიქოვანი: ქარის სადგური წელს გასხვისდება

5c3e0296d07a2
დათო ჯალაღონია
15.01.19 22:19
901
„ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ გასხვისების საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ, ერთ კვირაში დადგინდება.

ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ჯერ ისევ დაუდგენელია, რა ფორმით გასხვისდება ობიექტი.

„ფორმა არ ვიცით, ეს აუქციონი იქნება, თუ ბირჟაზე გამოვიტანთ. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა სახელმწიფოს მფლობელობაში აღარ იქნება და კონკურენტულ ფასად გასხვისდება. მთავრობას აინტერესებდა, მისი საბაზრო ღირებულება რამდენია, რომლის ქვემოთაც არ უნდა გავყიდოთ ეს აქტივი. ეს ახლა ითვლება და ჩვენ ერთ კვირაში გვექნება საბოლოო შეფასება“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

„ქართლის ქარის ელექტროსადგურს“ აუდიტორული კომპანია BDO აფასებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გაყიდვა 2017 წელს დაანონსა და მოქალაქეებს მათი შეძენა შესთავაზა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნებოდა პრივატიზაციის ერთგვარი ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად წაახალისებდა ქართულ საფონდო ბირჟას.

ქარის ელექტროსადგურის აქციების ბირჟაზე განთავსებისთვის საბროკერო კომპანია რამდენიმე თვე, ტენდერის მეშვეობით ირჩეოდა, თუმცა ბოლოს ტენდერი, რომელშიც ორი კომპანია - “თიბისი კაპიტალი” და Galt&Taggart მონაწილეობდა, 2018 წლის ზაფხულში შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები