მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გიორგი ჭირაქაძეს BAG-ში ანაზღაურებით არ უმუშავია და ანაზღაურებას სოსო ფხაკაძეც არ აიღებს"

5cadca3060124
ლიკა გურაბანიძე
10.04.19 15:00
772
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე-პრეზიდენტის და კომპანია „რედიქსის" დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის შეფასებით, სოსო ფხაკაძე წესდების შესაბამისად დაინიშნა და ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

ამის შესახებ პაპაშვილმა bm.ge-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თანამდებობიდან წასვლის და მის ნაცვლად BAG-ის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნის კომენტირებისას განუცხადა.

ბიზნესმენმა გიორგი ჭირაქაძის 10- წლიანი პრეზიდენტობა დადებითად შეაფასა. ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს ასოციაცია ჭირაქაძემ მძიმე პერიოდის გავლის შედეგად შექმნა და განვლილ პერიოდში ბიზნესს ყველა მიმართულებით ლობირებდა.

„გიორგი ჭირაქაძემ განუზომლად დიდი შრომა გასწია, პრაქტიკულად აუწონვადი შრომა იყო. რა თქმა უნდა, მარტო არ იყო, რადგან პროცესებში ჩვენ ასოციაციის საბჭოს წევრებიც ვმონაწილეობდით, მაგრამ პირველი პირის როლი ყოველთვის უფრო მძიმეა. ასოციაციაში ყველა მადლიერია, რადგან გიორგი ჭირაქაძემ ინსტიტუტი ჩამოყალიბა. ამის შემდეგ ჩვენ რას ვიზამთ ეს სხვა თემაა. მან მოახერხა, რომ 10 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მსხვილ ბიზნესს ლობირებდა. მან ჩამოაყალიბა ასოციაცია და ხელისუფლების შესაბამის შტოებთან შესაბამისი კონტაქტი დაამყარა,“ - განაცხადა „რედიქსის“ დამფუძნებელმა.

ლაშა პაპაშვილის თქმითვე, ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უწყვეტი კავშირი დაამყარა.

„ასოციაციის წევრებს სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ, რასაც პერმანენტული კონტროლი სჭირდება. 72 უმსხვილესი კოპანიის მხარდაჭერა და მათი პრობლემის შესაბამის ორგანოებამდე მიტანა ადვილი არ არის. ეს მომავალმა პრეზიდენტმაც უნდა გააგრძელოს. სოსო ფხაკაძე დანიშნულია მანამ, სანამ თვითონ ასოციაციის 72 წევრი გადაწყვეტს თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ჯერ-ჯერობით ის მოვალეობას ასრულებს,“ - აღნიშნა პაპაშვილმა.

კითვაზე სურდა თუ არა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს BAG-ის პრეზიდენტობა? - ლაშა პაპაშვილი გვპასუხობს, რომ „მე ვიცე პრეზიდენტი ვარ და ვარ. რა აზრი აქვს ახლა. სასურველი არაფერი არ არის. გიორგი ჭირაქაძეს ანაზღაურებით არ უმუშავია და ანაზღაურებას სოსო ფხაკაძეც არ აიღებს.

სხვათა შორის, ეს საკითხიც მომავალში დასასმელია, იმდენად დიდი ჩართულობა და დრო სჭირდება მე ვფიქრობ, რომ ანაზღაურებადიც შეიძლება იყოს, ვნახოთ“,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ცნობისთვის: BAG-ის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. BAG-ის წევრებისთვის დაგზავნილი წერილის და შემდეგ უკვე ასოციაციის მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებიდან კი, ცნობილი გახდა, რომ ჭირაქაძეს BAG-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჩაანაცვლებდა.

თავის მხრივ, BAG-ის წევრი ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ისინი რიიგგარეშე არჩევნებს ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები