ორმა ორგანიზაციამ ერთდროულად საზოგადოებას გამაფრთხილებელი განცხადებებით მიმართა. საქართველოს ბანკების ასოციაციამ და მონაცემთა დაცვის სააგენტომ ონლაინ სესხების მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან ბოლო დროს არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები კლიენტებს საკუთარ ვებ-გვერდზე მათი მომსახურე ბანკის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანას სთავაზობენ,- როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები? - თემაზე “საქმიან დილასთან“ საქართველოს ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე საუბრობს.
- ბატონო გიორგი, რამდენად მასშტაბურია დღეს ეს პრობლემა და აღნიშნული პროცესი ვინ უნდა გააკონტროლოს?
- განცხადება ბანკების მონაცემებზე დაყრდნობით და თვითონ კლიენტების ინფორმაციიდან გამომდინარე გაკეთდა. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ სესხებს გასცემენ. ასეთ დროს ერთ-ერთი ხერხია პირის ავტორიზაცია, სადაც ივსება მისი პირადი მონაცემები. ორი დონის შემოწმება ხდება., - პირველი შემოწმებით საკრედიტო ბიუროში შეყავთ არსებული მონაცემები, სადაც ირკვევა ეს ადამიანი შავ თუ თეთრ სიაშია, პრობლემური გადამხდელია თუ არა. ამის გარდა, ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, როდესაც ბანკი სესხს გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სწრაფად გამცემ სესხებს ეხება, მეორე ელემენტია, პიროვნება გადახდისუნარიანი რამდენად არის, როგორია მისი შემოსავალი. ამისთვის ბანკი ამონაწერს ითხოვს. ვთქვათ ხელფასი მის ანგარიშზე ერიცხება, ან ბარათზე. როგორც წესი, ბოლო სამი თვის ამონაწერს ითხოვენ. ეს მოთხოვნაა, რომელსაც ბანკები აყენებენ და საერთაშორისო პრაქტიკაა.
- მომხმარებელი ონლაინ სესხების სარგებლობის დროს რა რისკის ქვეშ დგება?
- ონლაინ კომპანიებშიც დავაგზავნეთ განცხადებები, რადგან ამ სახის პრაქტიკა მიუღებელია, როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ძირითადი აქცენტი მომხმარებლის გაფრთხილება იყო. ის, რა თქმა უნდა, ვერავის შეედავება, რადგან პირადი ინფორმაცია თავისი ნებით გადასცა. საერთაშორისო პრაქტიკა იმიტომაც არის ამ ტიპის წინააღმდეგი, რომ ეს წმინდა კომერციული საიდუმლოებაა. ნებისმიერი პირი, რომელიც ბანკში ანგარიშს ხსნის, ეს მისი კომერციული საიდუმლოების პრინციპია. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც საბანკო სისტემა განვითარებულია, მოქმედი კანონმდებლობით ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ბანკს უფლება არ აქვს ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს. ის კი არა, სესხი რამდენი აქვს დასაფარი კლიენტს, მისი მეუღლე რომ მივიდეს და განაცხადოს, რომ კლიენტი საზღვარგარეთ არის და ის გადაიხდის, ამის უფლებაც არ აქვთ.
- ონლაინ მსესხებლები რეგულაციის გარეთ არიან. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა რა ფორმით შეიძლება მათ დაეკისროთ?
- ბანკები რეგულაციის ქვეშ არიან, მეტსაც ვიტყვი საკმაოდ მკაცრი და ზედამხედველობის რეგულაციების ქვეშ. ბევრ ქვეყანაში მათ კონტროლს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ბევრ ქვეყანაში კი ცალკეა გასული ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მაღალი კონტროლის ქვეშ მოქცევაა. ეს კომპანიები ელექტრონული კომერციის ფორმაა, ფაქტიურად მევახშეობის თანამედროვე მოდელი, როდესაც ადამიანები საკუთარ ფულს ინტერნეტ სივრცის მეშვეობით აპროცენტებენ. აქედან გამომდინარე, როცა საკითხი ასე დგას საკმაოდ ბევრი კითხვები შეიძლება გაჩნდეს და დიდი საფრთხე აქვს მომხმარებელს, თუ რამდენად არის დაცული ის, რომ მისი პირადი ინფორმაცია არავის გადაეცემა.
- აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
- უპირველესად, ჩვენ მომხმარებელს მივმართეთ, რომ ისინი არ დათანხმდნენ. ჩვენ როდესაც ონლაინ კომპანიებში მიმართვები გავაგზავნეთ, რამდენიმე კომპანიისგან პასუხები მოგვივიდა, რომ ისინი ამ სახის პრაქტიკას არ მიმართავენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღეს იმდენად არის მომრავლებული ასეთი კომპანიების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და რამდენი არის რეალურად ჩვენც არ ვიცით. აქედან გამომდინარე ეს საფრთხეებიც იზრდება. ათიდან ერთი კომპანიაც რომ მიმართავდეს, ეს უკვე პრეცენდენტია, რომელიც ძალიან მაღალი ხიფათის შემცველია. ეს ცუდია ბანკის რეპუტაციისთვისაც, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ თანხა რომ მოიხსნას, როგორი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ბანკის რეპუტაციაში. აქ უკვე ბანკის რეპუტაციულ რისკზეა საუბარი.
- რა რისკებს შეიცავს ჩვენი პირადი ინფორმაციის, ინტერნეტ ბანკინგის, გადაცემა მესამე პირისთვის?
- პირველი რისკი ისაა, რომ როდესაც ინფორმაციას გადავცემთ მესამე პირს, ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ინფორმაცია არამიზნობრივად იქნას გამოყენებული. არა მხოლოდ ის, რომ თანხა მოიხსნას, მთელი ჰაკერები მუშაობენ ამაზე. ჩვენს განცხადებაში კიდევ ერთი რამ არის მითითებული და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშზე ამ კომპანიების ინტერფეისიდან არ შევიდეს. მომხმარებელს შეუძლია ბმული თავის ინტერნეტ გვერდზე გადაიტანოს და იქიდან მოახდინოს შესვლა. იმიტომ, რომ როდესაც ინტერნეტ ბანკით სარგებლობთ ბანკის ინტერფეისით შედიხართ, იქ ყველაფერი აბსოლუტურად დაცულია. მათ შორის ჰაკერებისგან და ნებისმიერი არასამართლებრივი წვდომისგან. მე იმას კი არ ვამბობ, რომ თვითონ ონლაინ კომპანიების წარმომადგენლები გამოყენებენ ბოროტად მომხმარებლის პირად ინფორმაციას, აქ საუბარია, რომ წვდომა შესაძლოა სხვამაც გამოიყენოს. ჰაკერებიც ამაზე აქტიურად მუშაობენ.
- ეს ბაზარი რეგულირებას მოახერხებს თუ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს?
ჩემს თვალსაზრისს მოგახსენებთ - ზოგადად ეს კომპანიები რომ ასეთი მასშტაბით იზრდება ეს ეკონომიკისთვის კარგი არ არის. ეს ხომ არ არის კომპანიები, რომლებიც ეკონომიკას აფინანსებენ. ეს კომპანიებია, რომლებიც რეალურად მოსახლეობის ვალებს აფინანსებენ. ადამიანი, როდესაც ამ ტიპის სესხს იღებს, ეს გრძელვადიანი სესხები არ არის, თან თანხებიც ათას ლარამდეა და ერთიანი გადახდის პრინციპით. იღებ სესხს და ერთ თვეში ფარავ ძირსაც და პროცენტსაც. რამდენიმე კომპანიამ ვადიანობა გააგრძელა. მე არ ვამბობ, რომ ყველა კომპანია ერთ ქვაბში უნდა მოვხარშოთ. არის რამდენიმე შედარებით სოლიდური კომპანია, რომელიც უფრო ცივილურად მოქმედებს. მაგრამ ზოგადად, ყველა რეგულაციის გარეთ არის გასული. ეს კომპანიები რომ აიკრძალოს არასწორია. იმიტომ, რომ რახან ეს მოთხოვნა არსებობს, ეს იატაკქვეშა ბიზნესში გადავა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რეგულაციაა. ბანკები მაღალი რეგულაციების ქვეშ არიან, ცოტა ნაკლებად მკაცრი რეგულაციის ქვეშ იმყოფებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. იმიტომ, რომ მხოლოდ ბანკებს აქვთ დეპოზიტების მოზიდვის უფლება. მე მიმაჩნია, რომ რეგულაცია უნდა შემუშავდეს, რომელსაც ეს კომპანიები დაექვემდებარებიან. ვინც სოლიდური კომპანიაა დარჩება. ჩვენ ვამბობთ, რომ საკრედიტო პორტფელი იზრდება და რა გამოდის, რომ საკრედიტო ბაზარზე სესხების დიდი ნაწილი გაიცემა პრინციპში ასიმეტრიულად რაც არის საშუალო განაკვეთი. განაკვეთები აქ არის 150,200, გადავადების პროცენტები რომ დავამატოთ შესაძლოა 1000-იც.

























