მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ღაღანიძე: საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ მოკრძალებულია

58f0789503978
BM.GE
14.04.17 12:00
1455
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს. საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე წინასწარი კვლევა უნდა განხორციელდეს, რომელიც ყველა ფაქტორსა და პოტენციალს შეაფასებს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უკავშირდება. კვლევის დაწყებამდე და შეფასებამდე აღნიშნულ შეთანხმებას გადაცემაში ’’საქმის კურსი’’ ეკონომისტი, თსუ-ს პროფესორი გიორგი ღაღანიძე აფასებს.

- ბატონო გიორგი, იმ შემთხვევაში თუ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება რა სარგებელს უნდა ველოდოთ?

- ზოგადად იმაში, რომ ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშესთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვექნება ცუდი არაფერია თუმცა რეალურად რა სარგებელი გვექნება საკმაოდ რთული სათქმელია. საქმე ის არის, რომ ასეთივე მოლოდინი იყო ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ განხორციელდა, რადგან ეკონომიკას გარკვეული კანონები არეგულირებს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან ექსპორტის სწრაფ ზრდას მაშინ იღებთ, როდესაც ორი ფაქტორი - ექსპორტის ერთგვაროვნება და შიდა დარგობრივი ვაჭრობა მაღალი გაქვთ. საქართველოს და ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ მოკრძალებულია, ჩვენ იქ ძალიან დაბალი მოცულობის ექსპერტი გვაქს. ასევე ინდოეთიდანაც საკმაოდ დაბალია პროდუქციის იმპორტი. ძირითადად ჩვენ ინდოეთიდან ფარმაცევტული პროდუქცია შემოგვაქვს. რაც ჩვენ გაგვაქვს ესეც საკმაოდ შეზღუდულია, ერთ-ერთი ალუმინის ჯართია, რომლის გატანაზეც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არც ასე წაგვადგება და არც ისე.

- თქვენ ყოველთვის პრობლემას ხედავთ იმაში, რომ საექსპორტო პროდუქცია და მისი მოცულობა არ გვაქვს, იმისთვის რომ ბაზრები დავაკმაყოფილოთ. თქვენი აზრით, ჩვენ ბაზრების პრობლემა არ გვაქვს?

-საკითხის დასმა ისე, რომ ამით ცუდს რას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, მართებული არ არის. კარგს გავაკეთებთ, უბრალოდ მთავარი ის არის კარგი რა შედეგს მოიტანს. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ლანდშაფტს დავხედოთ, დსთ-ში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თურქეთთან შეზღუდული, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა იაპონია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები. გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც შესაძლებელია. პრობლემა არ არის ბაზრებში. ეს მიდგომა ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ყალიბდებოდა, მაშინაც ცხადი იყო, რომ საექსპორტო პროდუქცია მცირე რაოდენობით გვაქვს, მაგრამ იდეა იყო ასეთი, რომ როდესაც ბევრ ბაზარი გაიხსნება, ამის კვალდაკვალ მოხდება, გარკვეული დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ მუშაობს და ალბათ ჩვენ უკვე უნდა გავაკეთოთ იდენტიფიცირება პრობლემისა, რომ ეს არის საექსპორტო პროდუქციის პრობლემა. ძალისხმევა მკვეთრად უნდა გავზარდოთ მომსახურების ექსპორტის გასაზრდელად და აუცილებლად გვჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რადგან ყველაზე უფრო საექსპორტო პროდუქტებს შევუწყოთ ხელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატარა ქვეყანა ვართ შეზღუდული რესურსით. ყველაფერს ეს ქვეყანა ვერ გაწვდება.

-მონაცემები გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის და ექსპორტი 30%-ით გაზრდილია იანვარ-მარტში, როგორ შეაფასებდით ამას?

- ეს თავისთავად ძალიან კარგია, ოღონდ ჩვენ ამას 2016 წელს ვადარებთ. თუ ჩვენ ცოტა სხვა პერიოდებს შევადარებთ, იქ მაჩვენებლები სხვა გვექნება. გასულ წელს ჩვენ სერიოზული ვარდნა გვქონდა ექსპორტში. ექსპორტის 30%-იანი ზრდა კარგია. ექსპორტის ზრდა გამოიწვია იმან, რომ, ცოტათი უარყოფითი ზემოქმედება შესუსტდა. რომ გადავხედოთ, იგივე პროდუქტები გაგვაქვს იგივე ბაზრებზე და აქედან არაფერია შეცვლილი. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ადრე ასეთი სააგენტო იყო ჩვენ ქვეყანაში და მე ვხელმძღვანელობდი მას. ჩვენ ერთ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ, რომ არ არის საჭირო ქვეყანაში ბევრი ხელშემწყობი სტრუქტურა იყოს. ჩვენ გვაქვს მეწარმეობის ხელშემწყობი სააგენტო, რომელშიც არის ექსპორტის ხელშემწყობის დეპარტამენტი. ამ სააგენტოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარკვეული ფუნქციები მიენიჭა. მცირე ზომის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა თავისი შეზღუდული რესურსებით, უმჯობესია, რომ ამ ტიპის სტრუქტურების რიცხვი ბევრი არ იყოს. უკეთესია დეპარტამენტებმა კონკრეტული პროექტებით იმუშაონ. ექსპორტის ხელშეწყობის კონკრეტულ მიმართულებებს რაც შეეხება, აქ სტანდარტული ჩამონათვალი გვაქვს, ეს არის მისიების ორგანიზება ქვეყნის გარეთ და შიგნით, საინფორმაციო მხარდაჭერა, ტრენინგები და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები