მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: "კონსტიტუციიდან გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმზე არსებული ჩანაწერის ამოღება სწორი არ იქნება"

58dd0e3addb84
დავით ჯალაღონია
30.03.17 17:51
3287
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში უცვლელად უნდა დარჩეს 94-ე მუხლი, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღებისა და გაზრდის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან დღეს საკონსტიტუციო კომისიასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩემი პოზიცია გახლავთ ასეთი - რადგანაც დღეს ჩვენ ეს ჩანაწერი უკვე გვაქვს კონსტიტუციაში, მისი ამოღება შეიძლება, არაერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული ინვესტორებისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ვართ სწრაფი ეკონომიკის განვითარების ეტაპზე, გვაქვს ძალზე ამბიციური გეგმები ეკონომიკასთან მიმართებაში. ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ენერგია კი გახლავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ ჭრილში ვთვლი, რომ დღევანდელ სიტუაციაში მსგავსი ჩანაწერის ამოღება არ იქნება სწორი და იქნება რისკის შემცველი", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "სოციალ-დემოკრატიული" პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოღება, ან არსებულის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები