„შსს-ს საერთოდ არ აინტერესებს ჰესზეა იქ საუბარი თუ - გზის მშენებლობაზე. ამ ჰესს ან გზას სახელმწიფო აშენებს თუ - კიდევ ვინმე სხვა, როდესაც ჩვენ სხვა უწყებებთან კოორდინაციაში გვეკისრება მართლწესრიგის დაცვის ვალდებულება და არა სადმე სპეცრაზმით შევარდნის“, - ასე პასუხობს შსს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების მიერ ე.წ. პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.
მინისტრის თქმით, ამ მოვლენებში ყველაზე მნიშვნელოვანია პანკისელი მოსახლეობის სოციალური პროტესტი, რისი პროგნოზირებაც იყო სახელმწიფოს ვალდებულება და რაც ვერ შესრულდა.
გახარიამ კიდევ ერთხელ ახსენა სახელმწიფო სტრუქტურების შეცდომა და თქვა, რომ ხელისუფლება ამ ჩიხიდან მშვიდად, წყნარად და გონივრული მიდგომებით გამოვა.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, იქ სპეცრაზმი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა სპეცოპერაცია; როდესაც ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს და გვაქვს პარლამენტარის დიდი პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი დადგენადია, ღია წყაროებში თუ არ არის, წერილი შეგიძლიათ მოიწეროთ და მე გიპასუხებთ, რა ძალები, გვარები სახელები, იღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იყო თუ არა ეს სპეცოპერაცია თუ - არა, იყო იქ სპეცრაზმი თუ არ იყო და ა.შ
როგორ მოხდა? - ეს მოხდა მარტივად.
21 აპრილს, დილით, სადღაც 8-ის ნახევარზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 პოლიციელი შევიდა იმ ლოკაციაზე, ამის კადრებიც არსებობს და შესაბამისად, ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდა, ეს იყო რეაქცია იმაზე. ამ ღონისძიებაში, როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ჩაერთო და გამოძახებულ იქნა დამატებითი ძალები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. ეს არ არის სპეცრაზმი. ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები.
რაც შეეხება ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ბევრი თქვენგანი ღელავს და მეუბნება, რომ ვიღაცამ პოლიცია ასეთ დღეში ჩააყენა ან ვიღაცამ პოლიცია აცემინა, პოლიციის ძალების ფუნქცია იქ იყო მართლწესრიგის დაცვა. იქ პოლიციის შესვლის მიზანი გახდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ჩვენი სხვადასხვა მოქალაქეებს შორის.
ეს იყო ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი გახდათ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და მართლწესრიგი კონკრეტულ ლოკაციაზე, რაც პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულეს.
დაგვაკვირდით და ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან - მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს გადაცდომის ფარგლები სად იყო, რა მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ჩემთვის გახლავთ ის, რომ სოციალური პროტესტი, რომელიც მართლა იქ აღმოჩნდა, რომელზეც თავიდანვე ვთქვი, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება ამის პროგნოზი გაეკეთებინა და ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ, სად მოხდა“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

























