გიორგი გურეშიძე, რომელიც 2025 წლის მარტიდან საქართველოს ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებას ხელმძღვანელობს, გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება მარეგულირებლის დამტკიცებას ექვემდებარება.
გიორგი გურეშიძეს მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება აქვს. 2017-2023 წლებში ის Georgia Global Utilities-ში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის იყო საინვესტიციო ანალიტიკოსი, ფინანსური ანალიზისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, სტრატეგიული პროექტებისა და ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2020-2023 წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი.
კარიერის დასაწყისში გიორგი გურეშიძე Deloitte-ში აუდიტორად მუშაობდა. მოგვიანებით ის თიბისი ბანკშიც საქმიანობდა ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. გიორგი გურეშიძეს ეკონომიკასა და გლობალურ საკითხებში ბაკალავრის ხარისხი იელის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ გიორგი გურეშიძის დაწინაურება მისი წარმატებული საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო სულხან გვალიას მისი თავდადებული საქმიანობისა და ჩვენს წარმატებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ის აღმასრულებელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჩვენს ფინანსურ მიმართულებას და ხელს უწყობდა ჩვენი ბიზნესისა და კულტურის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ ის ჯგუფში არააღმასრულებელ თანამდებობაზე დარჩება. ასევე, მივესალმები გუნდში გიორგი შაგიძეს. Maib-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობით, მას დიდი გამოცდილება აქვს ციფრული ტრანსფორმაციის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო საქმიანობის განვითარებაში. მჯერა, რომ მისი გამოცდილება, ლიდერული თვისებები და ფართო რეგიონის ცოდნა მთელ გუნდს გააძლიერებს. და ბოლოს, მინდა მივულოცო გიორგი გურეშიძეს დამსახურებული დაწინაურება. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მიმართულება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მას ახალ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა, 2026 წლის მარტიდან Lion Finance Group PLC-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და მთავარი ფინანსური ოფიცრის პოზიციას (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას) დაიკავებს გიორგი შაგიძე.




























