საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის იმ წევრებს პასუხობს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 2019 წელს მთავრობამ პენსია 20 ლარზე კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს.
"უფრო მეტი მოცულობით პენსიის გაზრდის რესურსი, ვიდრე ეს წარმოდგენილია ბიუჯეტში, სამწუხაროდ, არ არის, ვინაიდან 20 ლარით ზრდას 200 მილიონი ლარი სჭირდება, შესაბამისად, დამატებით ამის რესურსი 2019 წელს არ არის. 2020 წლიდან კიდევ 20 ლარით ზრდაა დაგეგმილი, რასაც 2018 წელთან შედარებით ჯამში, 400 მილიონი ლარის რესურსი ხმარდება", – განაცხადა კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს პენსია 20 ლარით მხოლოდ ასაკით პენსიონერებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის იზრდება.