საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული შრომის ანაზღაურებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლებზე განმარტებას აკეთებს.
როგორც კაკაურიძემ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში სახელფასო ბიუჯეტის გაზრდილი მაჩვენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბალი რანგის თანამშრომლების ხელფასის ზრდამ განაპირობა.
„შრომის ანაზღაურების ნაწილში, სადაც თანხა გაზრდილია, არის დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების მატება. ეს არის განყოფილების უფროსებისა და უფრო დაბალი რანგის პოლიციელებისთვის ხელფასების მომატება დაახლოებით, 250 ლარით. რაც შეეხება რაოდენობის შემცირებას, ეს ამასთან კავშირში არ არის. ეს არის უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციების შედეგად გამოთავისუფლებული ვაკანტური ადგილების შემცირება“, - განმარტა მან.
რაც შეეხება მცირე მთავრობის კონცეფციის შედეგად 2018 წელს დაზოგილ თანხებს, კაკაურიძის თქმით, ამ მხრივ დამატებითი ეკონომიის რესურსი ამ ეტაპზე არ არის.
„შრომის ანაზღაურების მხრივ, რაც გასულ წელს გაკეთდა, ამის მეტის გაკეთება შეუძლებელია. დღეს საჯარო სექტორში ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ იყო. ამიტომ აქ შემცირების დამატებითი რესურსი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა კაკაურიძემ.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წელთან შედარებით, 116 757-დან 113 613-მდე მცირდება, შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი კი 1,413,619.1-დან 1,473,769.7 ლარამდე იზრდება.