მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული ანაზღაურების გაცემის მიზეზს განმარტავს

64621888666cd
ელენე გოგბერაშვილი
15.05.23 15:40
1368
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის პირველ კვარტალში 105.7 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს.

„ძალიან მარტივად ვხსნით ამას, რადგან ჩვენ გასულ წელს განვაცხადეთ, რომ გავზრდიდით ხელფასებს. გავზრდიდით ხელფასებს სოფლის ექიმისთვის, სასწრაფოს თანამშრომლებისთვის. მხოლოდ სოფლის ექიმი და სასწრაფოს თანამშრომლები არიან ამ 22 მლნ-ის ნახევარი.

გარდა ამისა, ამას ემატება მანდატურის სამსახური. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხელფასები უნდა გაიზარდოს, ეს ეხება ყველა მიმართულებას და არამხოლოდ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს. როგორც მანდატურის სამსახური, ისე სამედიცინო პერსონალი დიდწილად არის სწორედ შტატგარეშე ანაზღაურებები. მათ შორის იყო მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ მიმართულებითაც ხალხის აყვანა იყო საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის, 2025 წლის დასაწყისისთვის მთლიანად უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით მიწის რეგისტრაცია დასრულებული და ამას დამატებითი ხალხის აყვანა ნამდვილად სჭირდება“,-განმარტავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები.

ბიუჯეტის 3 თვის შესრულების დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2023 წლის პირველ კვარტალში მათზე ჯამში 509 მილიონის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 61 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.2 მილიარდ ლარს აიღებს.

ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2022 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა. ამასთან, მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები