საქართველო ბიზნესჯეტისთვის ძალიან პატარა ბაზარი აღმოჩნდა,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ბიზნესმენმა გიორგი კოდუამ განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესჯეტის გაქირავების მიმართულებით ძალიან მძიმე სიტუაციაა და შეკვეთები თითქმის არ არის. მისი თქმით, თვეში ერთი, მაქსიმუმ ორი შეკვეთა ფიქსირდება. ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ ბიზნესჯეტით მომსახურება შეაჩეროს, საფრენი აპარატი კი გაასხვისოს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიზნესჯერი დოტაციაზე მუშაობს.
გიორგი კოდუას თქმით, გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მაქსიმუმ ერთ წელიწადში მიიღებენ.
„ბიზნესჯეტთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ „რედისონთან“, კაზინო „ივერიასთან“, ასევე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გამოთქვა სურვილი. თუმცა, „რედისონმა“ მაგალითად მხოლოდ 1 რეისი შეასრულა“,- აცხადებს კოდუა.
რაც შეეხება სიახლეებს, ბიზნესმენი უახლოეს რამდენიმე თვეში საშუალო ზომის თვითმფრინავის, Fokker 100-ის შემოყვანას გეგმავს. მისი ინფორმაციით, 100-ადგილიანი თვითმფრინავი რეგიონული ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი. კოდუას განმარტებით, Fokker 100 იფრენს იმ მიმართულებებზე, რომელზეც ბოინგი არ დაფრინავს.
„დავინახეთ, რომ საჭიროა რეგიონული თვითმფრინავი, რომელიც არის 100-კაციანი. ეს თვითმფრინავი წავა ისეთ მიმართულებებზე, როგორსაც ვერ ასრულებს ბოინგი, მაგალითად სოჩა, სამარა, ქუვეითი და ა.შ.“,- აცხადებს გიორგი კოდუა.

























