მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კოდუა: კახეთში აეროპორტის გახსნის ინიციატივა გაუგებარია

5ab968ab6614d
თამუნა დემეტრაშვილი
27.03.18 09:00
3465
"კახეთში აეროპორტის გახსნის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა, თავისი შინაარსით გაუგებარია", - ამის შესახებ bm.ge-ს ავიაციის ექსპერტმა, HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, გიორგი კოდუამ განუცხადა. მისი თქმით, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როგორ აეროპორტს გულისხმობდა, როდესაც განაცხადა, რომ "კახეთს ცალკე აეროპორტი" სჭირდებოდა.

"თუკი საერთაშორისო აეროპორტს გულისხმობს, მაშინ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან TAV-georgias-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტს ვერ გავაკეთებთ. ეს მაქსიმუმ ლაგოდეხის უკიდურეს საზღვართან მოხერხდეს, ხოლო თუკი პრემიერი შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტს გულისხმობს, მაშინ ასეთი აეროპორტი თელავში უკვე არსებობს", - განაცხადა კოდუამ.

მისი თქმით, თუკი სახელმწიფო TAV-თან ხელშეკრულების დარღვევას ფიქრობს, მაშინ ჯობს აეროპორტი თბილისთან ახლოს გაკეთდეს, რადგან საქართველოსთვის აუცილებელი გახდეს რეგიონალური ჰაბი, ამ მიზნის მიღწევა კი TAV-ის მუშაობის პირობებში გამორიცხულია. კოდუას თქმით, თბილისის აეროპორტში მომსახურების ტარიფები ძალიან მაღალია, რისი შემცირების შემთხვევაშიც, ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვნად ზრდა იქნება შესაძლებელი.

"თუკი კვირიკაშვილის განცხადება შიდა ფრენებს ეხება, მაშინ ბოლო პრაქტიკა, რაც ამბროლაურის აეროპორტის სახით გვაქვს არც თუ ისე სახარბიელოა. ნახეთ სტატისტიკა, რამდენმა ტურისტმა გამოიყენა ის. ამ ტემპით, ჩადებული რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის ამოღებას 200 წელი დასჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უფრო პიარს ემსახურება", - აღნიშნა კოდუამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ რეგიონს "ცალკე აეროპორტი“ სჭირდება.

"ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები