დღეისათვის უკვე გაუქმებული ავიაკომპანია "სქაი ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად 2008 წლამდე ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო ნავიგაციის მიმართ ვალები დაუგროვდათ. სწორედ ამ პერიოდში ოპერირებდა "სქაი ჯორჯია".
კოდუა დეტალურად იხსენებს იმ პერიოდს, როცა რუსულმა მხარემ ქართულ ავიაკომპანიებს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, სხვა კომპანიების მიერ დაგროვილი ვალების გადახდა მოსთხოვა.
"ეს არის მათი ნარატივი. ვერ გამოვეყავით მათ იდეოლოგიას. 2006 წელს, ფრენა რომ დავიწყეთ, ემბარგოში მოვყევით და ძალიან სერიოზულად დავზარალდით. გაგვიჩერეს რეისები და მაშინ, თუ გახსოვთ, ჩემი დაფინანსებით გადმოვიყვანე მგზავრები, რომლებიც იქ ჩატოვეს. ლიცენზიები მქონდა მოსკოვის, სანქტ–პეტერბურგისა და სამარაას მიმართულებით, მაგრამ გაგვაჩერეს. დიდი ზიანი მოგვადგა, რადგან თვითმფრინავი აშშ–დან ლიზინგით გვქონდა ჩამოყვანილი და რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ ახალ ბაზრებზე გადავსულიყავით.
შემდეგ ერთი–ორი წელი კიდევ გამოვედით ამ მდგომარეობიდან და 2008 წელს, მახსოვს ბატონ კახა ბენდუქიძემ დამიბარა თავის კაბინეტში და მითხრა, რუსეთის მხარე ამბობს, ვალები აქვთ ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო ნავიგაციის მიმართო და ამოჩხრიკეს 1990-იან წლებში მოქმედი ავიაკომპანიების დავალიანება, რომელთაც დაუგროვდათ ვალი", – აცხადებს კოდუა და აქვე იმ სქემას განმარტავს, თუ როგორ დაუგროვდათ ვალები 90-იან წლებში მოქმედ ქართულ ავიაკომპანიებს რუსული უწყების მისამართით.
"ჩვენ როცა მივდივართ თბილისი–მოსკოვის რეისზე, თვითმფრინავი 200 კილომეტრს გადის საქართველოს ტერიტორიას და დანარჩენი 1500 კილომეტრის გავლა რუსეთის საჰაერო ნავიგაციის ტერიტორიაზე ხდება, რუსეთის მხარეს და წესით, "ევროკონტროლი" აკონტროლებს ფასებს. მოსაკრებელი კი ასეთია: 50-60 ევრო 100 კმ–ზე. რა ფასებიც არის ევროპაში, იგივე ფასებია საქართველოში. მხოლოდ რუსეთმა გააკეთა 5 დოლარი თავიანთი ავიაკომპანიებისთვის 100 კილომეტრ მანძილზე მოსაკრებელი და ჩვენთვის – 70 აშშ დოლარი და 90-იან წლებში გაუფრთხილებლად გააკეთა. რუსულ ავიაკომპანიებს ერთი რეისის ღირებულება 200-300 დოლარი უჯდებოდათ და ჩვენ – 1500-1700 დოლარი.
მაშინ ქართულ ავიაკომპანიებს ლიცენზია რომ გაეგრძელებინათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩადიოდნენ რუსეთში და კორუფციული სქემით, ფულს ვიღაც–ვიღაცეებს აძლევდნენ ფრენებისთვის, ისინი ოფიციალურ ვალს არ აფარინებდნენ და ფული ჯიბეში მიჰქონდათ. ამის შედეგად 3 მლნ აშშ დოლარი დაუგროვდა საქართველოს მხარეს 2006-2007 წლებში და "აირზენას" დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა, თუ სწორად მახსოვს, 1.5 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.
მე კი მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა მთხოვა და მითხრა, იაფ სესხს მოგცემთო და გადაიხადეო. მე 2008 წელს 1 მლნ აშშ დოლარი გადავიხადე – სხვისი ვალები. ეს არის ძველი ვალები, რომელიც იყო დაგროვილი და ჩვენ გვაწვებოდა. ჩვენ უკვე ორი კომპანია ვიყავით და ვიყენებდით რუსულ ცას და გადაგვახდევინეს ეს ძველი ვალები – სულ 3 მლნ დოლარამდე", – განაცხადა კოდუამ და დასძინა, რომ 2008 წლის 22 მაისს მისმა კომპანიამ ფრენები ისევ განაახლა რუსეთის ქალაქებში, თუმცა მალე, აგვისტოს ომი დაიწყო და რეისები შეწყდა.
"მოსკოვმა დაგვარტყა და კიდევ გამაჩერეს. ძალიან სერიოზულად ვიზარალეთ. ორჯერ დარტყმას ვეღარ გავუძელით.
დღეს მე იქით მაქვს პრეტენზია – ასეთ არასტაბილურ სახელმწიფოს, რომელიც სხვის ვალებს გახდევინებს, მერე გაჩერებს, ომს იწყებს, ჩემი რჩევა იქნება ქართველი ბიზნესმენებისადმი, რომ რუსეთის ბაზარს არ ენდონ. ეს იყოს ალტერნატიული ბაზარი, მაგრამ სანამ პუტინი ეკონომიკურ იარაღს იყენებს, ქართველი ბიზნესმენები არ უნდა მოტყუვდნენ. ახლა ისევ ანალოგიური ტალღა ააგორეს. ამ დროს ყოველთვის ქართული ავიაკომპანიები ზარალდებიან. ეს პოლიტიკური პრობლემა უფრო არის, ვიდრე ეკონომიკური", – აღნიშნა გიორგი აკოდუამ.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა.
ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება.
როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის ქართული მხარის დავალიანება 792 543,19 აშშ დოლარს და 592 251,95 რუბლს შეადგენს.
ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად ქართული ავიაკომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამების წარდგენა და აეროსანავიგაციო მომსახურების დავალიანების დაფარვა სახელდება.
"აღნიშნული დავალიანება ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.
რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მზადაა კონსულტაციები გამართოს ქართულ მხარესთან", – წერია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

























