ექს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ ქვეშეთში წლების წინ წინ აშენებულ ჩემს სახლს ეხებოდა.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი მდებარეობს, 10 წლის წინ შევიძინე, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დავასრულე, რაც ასახულია კიდეც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვავსებ - შეგიძლიათ იხილოთ 2013 წლის (ამ დროს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ახალი დანიშნული გახლდით) ქონების დეკლარაცია, რომელიც საჯაროა, სადაც დაფიქსირებულია 250 კვ.მ. სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმ წლებში, როცა სახლი ავაშენე, საჯარო სამსახურში არ ვმუშაობდი. 2006 წლიდან 2011 წლის ბოლომდე მე ვიყავი ბანკის გენერალური დირექტორი და სიუჟეტში ნაჩვენები სახლი სწორედ ბანკში მუშაობისას მიღებული ანაზღაურებით აშენდა.
სახლის ასაშენებლად ნაწილობრივ სესხითაც ვისარგებლე, რისთვისაც იპოთეკით დატვირთულია თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და რომელიც ასევე შეძენილია 2006 წელს იპოთეკური სესხით. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დღესაც დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, 10 წელზე მეტია, ყოველთვიურად ვიხდი ბანკში არსებულ სესხს.
ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ჩემს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს სახლი ქვეშეთში რემიერ-მინისტრობის პერიოდში ავაშენე, გახლავთ რეალობის განზრახ დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.