"ის, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის სამწუხარო უბრალოდ. ეს არის არჩევნების შედეგი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა სიურპრიზი არჩევნების შედეგები მისთვის და ძალაში რჩება თუ არა მისი სიტყვები, რომ ის ნინო ბურჯანაძესთან და „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.
გიორგი კვირკაშვილმა განაცხადა, რომ ამ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციაში ან ბლოკში შესვლას გამორიცხავს, მაგრამ სხვადასხვა ინიციატივებზე თანამშროლობა, მაგალითად ეკონომიკურ საკითხებზე, შესაძლებელია.
მისი თქმით, „პატრიტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიების სტრატეგიული მიმართულება აბსოლუტურად განსხვავებულია „ქართული ოცნების“ მიმართულებებისგან. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ჭეშმარიტად პროდასავლური პარტიაა, თუმცა, არა იდეალური.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აცხადებს, რომ ისინი მიდიან ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მათი მმართველობის სისტემა ამის თქმის საფუძველს არ იძლეოდა.
„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ იდეალურები. თუმცა, „ქართული ოცნება“ ნამდვილად ისწრაფვის პროდასავლური ორიენტაციისკენ. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყნის შინაარსობრივი, სტრუქტურული გარდაქმნის პროცესში და ეს პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არის შეუქცევადი“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























