მეჩაიეთა მთავარი პრობლემა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობაა, - ამის შესახებ Bm.ge-ის ,,მილმართის“ დირექტორმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიას წელს 15-20 ტონით მეტი ჩაის ფოთლის მიღება და გადამუშავება შეეძლო, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო ეს ვერ მოახერხა.
„ქართულ ჩაიზე მოთხოვნა ძალიან დიდია; ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის, ფინანსურ რესურზე ხელმისაწვდომობაა; ჩვენ ფინანსური სახსრები არ გვყოფნის, რადგან თანხების მობილიზება მოკლე პერიოდში გვჭირდება, როცა ჩაის კრეფის სეზონია, რათა უფრო მეტი რაოდენობით მწვანე ფოთოლი შევიძინოთ; წელს დაახლოებით, 15-20 ტონა ფოთოლი დავკარგეთ, რადგან ვეღარ შევძელით მისი შესყიდვა; რომ არა ეს ფაქტორი, გაცილებით მეტ პროდუქციას დავამზადებდით, რადგან წარმოების და რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვერ ვთავაზობთ ახალ პარტნიორებს პროდუქციას, რადგან რომ შევთავაზოთ, ხომ უნდა გვქონდეს შესაბამისი რაოდენობა... ეს ყველაფერი ძალიან გვიშლის ხელს განვითარებაში. ამ საკითხებზე აქტიური შეხვედრები გვაქვს მთავრობის წარმომადგენლებთან და მათი მხრიდან არის დაპირება, რომ მოხდება ამ მიმართულებით მეჩაიეთა ხელშეწყობა“, - განაცხადა გიორგი მაისურაძემ.
მისივე თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ დახვეწის მიმართულებითაც, რომელმაც არსებული ფორმიით ვერ გაამართლა.
„ხელმეორედ უნდა მოხდეს პროგრამა „ქართული ჩაის“ განხილვაც, რომელშიც ბევრი ნიუანსია შესაცვლელი; სავარაუდოდ ახალი წლიდან ეს პროგრამა უფრო დაიხვეწება. ამ მიზნით, აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს მეჩაიეებთან“, - განაცხადა მან.