საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოცემა France Football-ის მიხედვით, “წლის საუკეთესო მეკარის” ნომინაციაში მეშვიდე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი გოლკიპერისთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელეს. გიორგიმ თავი ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა, როდესაც მთლიანად ტურნირზე 29 სეივი ჰქონდა და ყველა დროის რეკორდის მფლობელ იგორ აკინფეევს მცირედით ჩამორჩა.
ცნობისთვის, ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მეორედ არგენტინის ნაკრებისა და “ასტონ ვილას” კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი გახდა, რომელმაც კოპა ამერიკა მოიგო და ტურნირზე 6-დან 5 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ France Football-ი აღნიშნულ ჯილდოს 2019 წლიდან ათამაშებს და ამ დრომდე გამარჯვებულები არიან: ალისონი (2019), ჯანლუიჯი დონარუმა (2021), ტიბო კურტუა (2022) და ემილიანო მარტინესი (2023, 2024).
წლევანდელი ათეული “წლის საუკეთესო მეკარის” ნომინაციაზე ასე გამოიყურება
10. გრეგორი კობელი (დორტმუნდის “ბორუსია”, შვეიცარია)
9. უილიამს რონვენი (“მამელოდი სუნდოუნსი”, სამხრეთ აფრიკა)
8. დიოგო კოშტა (“პორტუ”, პორტუგალია)
7. გიორგი მამარდაშვილი (“ვალენსია”, საქართველო)
6. იან ზომერი (“ინტერი”, შვეიცარია)
5. მაიკ მენიო (“მილანი”, საფრანგეთი)
4. ჯანლუიჯი დონარუმა (“პსჟ”, იტალია)
3. ანდრეი ლუნინი (“რეალი”, უკრაინა)
2. უნაი სიმონი (“ბილბაო”, ესპანეთი)
1. ემილიანო მარტინესი (“ასტონ ვილა”, არგენტინა)