საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს 100 მოსამართლე უნდა დაემატოს. ამის შესახებ მან კომერციულ ბანკებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ერთ–ერთი განსახილველი საკითხი სწორედ გაჭიანურებული ბიზნესდავები და სასამართლოებში მოსამართლეების არასაკმარისი რაოდენობაა.
"რაც შეეხება სასამართლოების გადატვირთულობის საკითხს, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია პრობლემატურია და ამას აქვს თავისი მიზეზები: ეს არის საქმეთა მზარდი ნაკადი, 3-ჯერ და 4-ჯერ არის ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო მიმართულებით სარჩელების შემოდინება. ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია მოსამართლეების რაოდენობის ზრდა და ამისთვის საბჭო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩავატარეთ დონორი ორგანიზაციის დახმარებით კვლევა, რომელმაც გვითხრა, რომ 100 მოსამართლით მაინც გვჭირდება რაოდენობის გაზრდა და ამ მიზნის მისაღწევად საბჭო აქტიურად აპირებს, რომ ჩაატაროს იუსტიციის სკოლის მსმენელების მისაღები კონკურსები, რათა მომზადდეს, სამოსამართლო კადრები", - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
კითხვაზე, რა დრო დასჭირდება 100 ახალი მოსამართლის დამატებას, ის აღნიშნავს, რომ 6 თვეში, ან 1 წელში შეუძლებელია, რადგანაც პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია.
"იუსიტიციის მსმენელის მომზადებას 10 თვე სჭირდება და ჩვენ ვმუშაობთ რეფორმებზე, რომელიც კიდევ გაზრდის სწავლის ვადებს, რაც სწორია. 6 თვეში და 1 წელიწადში მოგვარებადი პრობლემა არ არის. 20 მსმენელი უკვე ჩარიცხულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში", - ამბობს მიქაუტაძე.
მისივე თქმით, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა რეგიონულ სასამართლოებში, სადაც თითო მოსამართლეზე ნაშთი შეიძლება 1000 საქმე იყოს, რაც არ არის ნორმალური რაოდენობა.
კითხვაზე 100 მოსამართლის დამატების შემდეგ იქნებიან თუ არა სპეციალიზებული მოსამართლეები, რომლებიც კონკრეტულად ბიზნესდავებს განიხილავენ, მიქაუტაძე ამბობს, რომ იქ, სადაც სამოქალაქო საქმეებს 2-3 მოსამართლე იხილავს, შეუძლებელია ვიწრო სპეციალიზაციაზე საუბარი.

























