DCFTA საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე წელიწადში 1500 ტონა თაფლის გატანის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე "ბიზნესკონტაქტთან" განმარტავს, ეს მხოლოდ დეკლარირებული მოცულობაა და თუ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა სტანდარტების დაცვით მაღალი ხარისიხის თაფლი აწარმოოს, ევროკავშირის ბაზარზე გაცილებით მეტი მოცულობების გატანის შესაძლებლობა არსებობს. როგორც გიორგი მიშელაძე ამბობს, წლის ბოლოსთვის სავსებით შესაძლებელი იქნება ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 1512 სასოფლო-სამეურეო კოოპერატივი, საიდანაც 256 მეფუტკრეობის კოოპერატივია. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეებს მთლიანობაში გადაეცათ 7800-ზე მეტი სკა , მათ შორის 19 ციბრუტი და 41 800 კილო თაფლის შესანახი ავზები. გიორგი მიშველაძის განცხადებით, ამ დროისთვის გრძელდება პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია, რომელიც 10 ივლისამდე გაგრძელდება.
მისი განმარტებით, ლაბორატორიის აღჭურვის პროცესის პარალელურად მიდის ევროკავშირის მხრიდან აღირების პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ლაბორატორიული დასკვნა საქართველოში გაიცემა და ამის საფუძველზე მოხდება ქვეყნიდან პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.
"ვფიქრობ, პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ერთია ლაბორატორიული აღჭურვა და მეორე მეფუტკრეების მზაობა და შესაძლებლობა, რამდენად შეუძლიათ აწარმოონ სტანდარტებით პროდუქტი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 3 წლის განმავლობაში პერიოდულად აწარმოებს მეფუტკრეების წარმოებული თაფლის გადამოწმებას. პირველად ძალიან მძიმე სურათი იყო და ბევრ ნიმუშში იყო ანტიბიოტიკები. წელს შემოწმებისას ეს რისკი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ქართველ მეფუტკრეებს სტანდარტების დაცვით უკვე შეუძლიათ თაფლის წარმოება", - აცხადებს გიორგი მიშელაძე.

























