"ჯო ენის" კლინიკისა და კლინიკა "Helsicore"-ის არითმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში #520-ე დადგენილების შემოღების გამო, ქვეყნის ბაზარი შესაძლოა ამერიკული სამედიცინო აპარატებისა და მოწყობილობების მწარმოებლის Abbot-ის ქართულმა წარმომადგენლობამ დატოვოს.
როგორც გულის რიტმის ასოციაციისთვის Abbot-ის ქართული წარმომადგენლობის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ახალი დადგენილებით გათვალისწინებული თანხა 13,500 ლარი არ ფარავს იმ ხარჯებს, რაც შესაბამისი სამედიცინო მასალების შესყიდვას ესაჭროება.
"ბატონო გიორგი,
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის წინაშე შეშფოთებას გამოვხატავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ N520 დადგენილების ძალაში შესვლის გამო.
ასევე გვსურს, გავაქარწყლოთ ის ეჭვები, რომლებიც რამოდენიმე კლინიკაში გაჟღერდა:
თითქოს ჩვენ, როგორც კომპანია Abbott-ის (SJM is now Abbott) ოფიციალური წარმომადგენლობა საოცარ მოგებას ვნახულობთ, სიცოცხლის შემანარჩუნებელი დივაისების გაყიდვით და გვაქვს დიდი რესურსი.
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციას თამამად წარმოგიდგენთ ოფიციალური შესყიდვის ინვოისს, (რომელშიც არ შედის ინტროდიუსერი, ტრანსპორტირებაFedEx, განბაჟება), გასაყიდი ფასი 5200$ ამ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს, ხოლო 20% მოგებაზე, რომელსაც გვავალდებულებს სამეწარმეო კოდექსი, ფიქრიც კი ზედმეტია.
დადგენილებით განსაზღვრულ 13500 ლარად არ შეგვწევს ძალა, რომ პაციენტებმა მიიღონ თერაპია (არათუ ხარისხიანი).
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, ისეთი როგორიც Abbott-ია, ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, მიზერულ ფასად გვაწვდიან მაღალი ხარისხის დივაისებს, რაც პირდაპირ აისახებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ქართული ჯანდაცვის განვითარებაზე, რითიც ასე ვამაყობდით.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება დარგობრივ ასოციაციებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის საერთო ენის გამონახვა, სხვა შემთხვევაში, არითმოლოგიური მიმართულება დაიხურება, ხოლო ხარისხიან კომპანიებს მოგვიწევს საქართველოს ბაზრის დატოვება", - ნათქვამია წერილში.

























