მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპიაშვილი: სამინისტრო სრულიად არარეალურ ტარიფებს გვთავაზობს

5deac2780c49b
ნუცა ბაზლიძე
07.12.19 15:40
3413
"ჯო ენის" კლინიკის და კლინიკა "ჰელსიკორის" არითმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებულ რისკებს აფასებს.

„სამინისტრო სრულიად არარეალურ ტარიფებს გვთავაზობს. ფაქტობრივად ყველა კლინიკის წარმომადგენელი, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, დადგენილებისა და შემოთავაზებული ტარიფების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ზოგადად რეგულაციების შემოღებას და სფეროში წესრიგის დამყარებას. ასევე, ჩვენ ვხვდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეკონომიურად მძიმე დღე უდგას, თუმცა ამის მიზეზი თანხების უკონტროლო გადინება იყო. ფაქტობრივად, სარდაფებში გახნილ დაწესებულებებს მიეცა კლინიკის ლიცენზიები. მათი მიზანი კი საყოველთაო ჯანდაცვიდან თანხების ათვისება იყო და ამას პაციენტთა მკურნალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა“, - აცხადებს გიორგი პაპიაშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

გიორგი პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა დადგენილების შეჩერება და ტარიფებზე კიდევ ერთხელ გადახედვა. ამასთან, პაპიაშვილის აზრით, მისაღებია ფასების ზედა ზღვრის დაწესება. ექიმი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში მოსალოდნელი პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის მხრიდან თანაგადახდა იყოს დაშვებული.

„პირველ რიგში, ხარისხი დაზარალდება. თუ მათი მიზანია, რომ ამ რეგულაციით დაარეგულირონ კლინიკების რაოდენობა, მაშინ ეს საკმაოდ არაეფექტური გზაა. თუ ლიცენზირების გამკაცრების და სელექციური კონტრაქტირების მაგივრად, ჩვენ ისეთ ტარიფებს მივიღებთ, სადაც არ იქნება ჩარევების თვითღირებულება გათვალისწინებული, ეს ძირითადად სწორედ იმ კლინიკებზე აისახება, რომლებიც ხარისხის ხარჯზე არასოდეს აკეთებდნენ ეკონომიას. აღნიშული ე.წ. „ცეხები“ კი ამ პირობებშიც მოახერხებენ ოპერირებას“, - აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.

ამასთან, ექიმი დასძენს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა რეალურად უფრო ნაკლებ ადამიანსა და პროცედურებს ეხება, ვიდრე ეს საზოგადოებას წარმოუდგენია. როგორც პაპიაშვილი განმარტავს, ის უშუალოდ იყო ჩართული ამ საკითხზე სამინისტროსთან კომუნიკაციაში, თუმცა შედეგი არ მიუღიათ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, უკვე ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები