საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ჩვენების პროკურატურაში მიცემაზე უარს აცხადებს, ის გამოკითხვაზე მხოლოდ სასამართლო დარბაზში მივა, ამის შესახებ ქადაგიძემ საკუთარ facebook-ზე დაწერა. ქადაგიძე ასევე ამბობს, რომ ის სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა.
"ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება.
მივიღე უწყება თიბისის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება.
აქვე ვიტყვი რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს დაუზრუნველყოფენ სრულ გამჭირვალობას.
სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემ მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე,"- საკუთარ facebook-ზე წერს გიორგი ქადაგიძე.
მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით, 7 მარტს პროკურატურის ოფისში გამოკითხვაზე დაიბარა.
პროკურატურის ინფორმაციით, ქადაგიძემ გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა, რის გამოც პროკურატურა მას გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში დაიბარებს.

























