გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. დეკანის პოზიციას ის ოფიციალური კონკურსის შემდეგ დაიკავებს. დღეს საბჭომ ერთხმად უყარა კენჭი ქადაგიძის კანდიდატურას დეკანის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.
უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის პოსტს აქამდე ნინო პატარაია იკავებდა, რომელიც ილიაუნის ბიზნესის სკოლის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა.
გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2009 წლის 26 თებერვალს, 7 წლის ვადით. გიორგი ქადაგიძე ამავდროულად იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველის პოზიციას საქართველოს მხრიდან.
გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს დაასრულა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსი - "Program for Leadership Development" ბოსტონში (აშშ). 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა, მაგისტრის ხარისხით. 2001 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ორმაგი ხარისხი თბილისის მენეჯმენტის ევროპული სკოლისა და პრესტონის უნივერსიტეტიდან.
გიორგი ქადაგიძე 2008-2009 წლებში იკავებდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობას. 2007-2008 წლებში იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2005-2007 წლებში უძღვებოდა საქართველოს პროკურატურის ეკონომიკურ განყოფილებას და საფინანსო განყოფილებას თბილისის მერიაში. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო ბანკის საკრედიტო დეპარტამენტს 2003-2004 წლებში.

























