მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ გრიგოლ კაკაურიძეს თავზე ხელი აეღო

5cfea825e3f17
BM.GE
10.06.19 22:53
1229
"ჩემთვის რთულია ვიმსჯელო იმაზე, რა მოხდა იქ, მაგრამ მე ჩემი მინისტრობის პერიოდში გრიგოლ კაკაურიძეს ვიცნობდი, როგორც დიდ პროფესიონალს, წესიერ ადამიანს და ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ადამიანს თავზე ხელი აეღო და ისეთი გაეკეთებინა, რაც არ შედიოდა მის დაქვემდებარებაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრა ნიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, როდესაც ისაუბრა ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის მიერ გამოცემულ და შემდეგ უკვე გაუქმებულ ბრძანებაზე.

ყოფილი მინისტრის განცხადებით, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ზემოხსენებულ ბრძანებაზე და რასთან დაკავშირებითაც, თავდაპირველად, მისი გვარიც გაჟღერდა, გრიგოლ კაკაურიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. გიორგი ქობულიას განმარტებით, მას აინტერესებდა, რა ბრძანებას მოეწერა ხელი და კაკაურიძისგან უნდოდა გაეგო, რაზე იყო საუბარი. ქობულია ამბობს, რომ კაკაურიძესთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ შეძლო.

"მე არ ვიყავი იმ მომენტში და არ ვესწრებოდი იმ დისკუსიებს, რომლებიც შედგა. კაკაურიძესა და მინისტრს შორის მოადგილე დგას. როგორც პარლამენტში გავიგე, ვუსმინე კომენტარს, რომ ამ მოადგილესთან ჰქონდა შეთანხმებული. პრინციპში, საქმე იმაში არ არის, ვისთან ჰქონდა შეთანხმებული. რა თქმა უნდა, ეს არის სენსიტიური საკითხი, მაგრამ მგონია, რომ რადგან ეს ბრძანება გაიცა, ჩემი აზრით, გასაკვირი იყო ამ ბრძანების გაუქმება, ვინაიდან ეს ბრძანება, რეალურად, არაფერს ცვლის. მიჭირს ლოგიკურად ავაწყო ის, რომ საერთოდ რა საჭირო იყო პოლიტიკური მიზნებისთვისაც კი ამ ბრძანების გაუქმება. ამ ბრძანების გაუქმება და ამ საკითხის ასე პოლიტიზირება ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ამან მმართველ ძალას უფრო მეტი ნეგატიური შედეგი მოუტანა, ვიდრე – პოზიტიური. ეს არის ჩემი აზრი. ეს როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცი", - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა სამართლებრივი არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს მთავრობას იმაზე, რომ ფოთის პორტს უარი უთხრას გაფართოებაზე.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები