საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო მდგრადია. ამ შეფასებით დაიწყო ქობულიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საკუთარი მოხსენება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო რეგიონში იქნება ლიდერი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 2023 წლამდე. ჩვენი პროგნოზი არის 5%. დღეს თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ბევრად დაბალია, ანუ ჩვენ ვართ ლიდერი სომხეთთან, ბელორუსთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და რუსეთთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო მდგრადია დღეს, ვიდრე ოდესმე და ამ პროგნოზებს უკან ძალიან სეროზული გათვლებია. ეს არ არის უბრალოდ ცაში აშვერილი თითის თვალსაზრისით გაკეთებული პროგნოზები“, - განაცხადა ქობულიამ.
მინისტრმა ასევე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში, ყოველწლიურად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანა საკმაოდ კარგი ტემპებით ვითარდება.

























