„სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენი ეკონომიკური განვითარება, დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ.
ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
გიორგი ქობულიას ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.
„სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენ მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც - ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან შეხვედრისას მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
„ვიზიტისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს გაეცნენ. ამასთან, მისია გაეცნო საქართველოში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

























