საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობას ინვესტორებთან მუშაობა გასააქტიურებელი აქვს.
ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ის 2018 წლის მესამე კვარტალში 48.2%-ით შემცირებული FDI-ის კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს, მაგრამ ინვესტორებთან კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობაა საჭირო.
ამასთან, გიორგი ქობულიამ bm.ge-თან საინვესტიციოდ პრიორიტეტულ სექტორებს შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, წარმოება და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი გამოყო.
„დღესდღეობით, რიგ პროექტებზე მიდის მოლაპარაკებები, ესაა 12 მსხვილი პროექტი, რომელიც მოლაპარაკების ბოლო სტადიაშია და ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით, 250 დოლარია; მოლაპარაკებებს მალე დავამთავრებთ და იმედია, მათი უმეტესობა შედგება. 2019 წელს, როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, გვაქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ ინვესტორებთან აქტიური მუშაობა. ჩვენ ვირჩევთ და ვამტკიცებთ პრიორიტეტულ და აქტუალურ სექტორებს: საწარმოო სექტორს, ტურიზმის სფეროში საინვესტიციო სექტორებს, სამშენებლო სექტორს. ამ მიმართულებით დავიწყეთ და გააქტიურებული გვაქვს მუშაობა ინვესტორებთან. ეს მუშაობა ადრეც ხდებოდა, რომ გადახედოთ სტატისტიკას, უამრავი როუდ შოუ, ბევრი გამოფენა იყო, მაგრამ დღეს ეს ჩვენ ცოტა სხვა დონეზე უნდა ავწიოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
Bm.ge-ის კითხვას - არაა მინისტრი ინვესტორებთან მუშაობის კმაყოფილი, ეკონომიკის მინისტრი მოკლე პასუხით შემოიფარგლა.
„ინვესტორებთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.