მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირებაზე კომენტარს აკეთებს

5c2f1400ea3fe
ელენე ჩომახიძე
04.01.19 12:04
732
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, გაზის ტარიფი კომერციულ სექტორში, შესაძლოა, სელექტიურად გაძვირდეს.

მინისტრის თქმით, სამინისტრო კომერციულ სექტორში გაზის ფასებს არ არეგულირებს.

„შეიძლება კომერციულმა ოპერატორებმა გააძვირონ ტარიფი, რაც დღესდღეობით, არ რეგულირდება საქართველოს კანონით, თუმცა მოსახლეობისთვის და სოციალური სექტორისთვის, რა თქმა უნდა, არანაირი გაძვირება არ მოხდება“, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, 4 თებერვლიდან კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი 5.5 თეთრით, 86 თეთრამდე გაიზრდება.

„გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი“, - ნათქვამია კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები