საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მან ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, საკუთარ უწყებასთან ერთად, ეკონომიკაში არსებული გამოწვევები ზუსტად განსაზღვრა.
ამის შესახებ ქობულიამ გადაცემაში "Forbes კვირა" მინისტრის თანამდებობაზე მისი საქმიანობის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ კომფორტულად თავს. თუ კომფორტულად გრძნობ თავს, ე.ი ცუდად არის საქმე. მე ვიტყოდი, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ სერიოზული მიღწევები გვქონდა. რაც იყო მნიშვნელოვანი, ზუსტად განვსაზღვრეთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ გავმართეთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მუშაობა, დავდეთ ძალიან კონკრეტული გეგმები, თუ რისი მიღწევაა საჭირო და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მას მივაღწიოთ. პარლამენტშიც მქონდა გამოსვლა, რაზეც ითქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა მინისტრი პარლამენტში დებს ერთწლიან გეგმას", – განაცხადა ქობულიამ და დასძინა, რომ პარლამენტში მისი გამოსვლისას გაჟღერებულ გეგმებს, ისევ საკანონმდებლო ორგანო ერთი წლის თავზე შეაფასებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია პარლამენტში მოხსენებით, გასული წლის ივლისში გამოვიდა.

























