"მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, "სამსუნგის" ინოვაციების ცენტრთან დავაკავშიროთ საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები", - ამის შესახებ კორეაში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ "სამსუნგის" ვიცე-პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის თქმით, "სამსუნგის" აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ინოვაციების განვითარებისთვის.
"ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, იყო საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება "სამსუნგის" ინოვაციების ცენტრთან აშშ-ში. ეს ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და საკითხის განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათ რამდენიმე ქართული სტარტაპის იდეებიც გამოადგეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
"სამსუნგის" ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრა სეულთან ახლოს, ქალაქ სუვონში "სამსუნგის" ციფრულ ქალაქში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ ციფრულ ქალაქში მდებარე "სამსუნგის" ინოვაციური მუზეუმი დაათვალიერა.

























