მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში

5cb847cc7e67d
BM.GE
18.04.19 14:20
739
საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში.

მინისტრის შეფასებით, ეს არის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეზღვაურებისთვის იქმნება დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები კვიპროსის სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამოხატულია საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმებით. აგრეთვე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხებზე.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი გემთმფლობელი კომპანიის მოღვაწეობას, როგორიცაა "Columbia Shipmanagement". ეს კომპანია ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიოში - საუბარია წელიწადში 1000-მდე ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინდა შეგახსენოთ. რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ჩვენს მეზღვაურებს ისეთივე წვლილი შეაქვთ, როგორიც ტურიზმის სექტორს", - განაცხადა მინისტრმა.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადესის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", სს "საპარტნიორო ფონდის", ასევე IBCCS-ის წარმომადგენლებმა. ფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტმა კომპანია მონაწილეობს ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები