„რატომ უნდა დავხარჯოთ საქართველოს მარკეტინგზე რუსეთში ფული, როცა ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადის 30%, ისედაც რუსეთზე მოდის?“, - ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ისთან ინტერვიუში გააკეთა.
ქობულიას თქმით, 2019 წელს რუსეთში საქართველოს მარკეტინგზე თანხის არდახარჯვაზე გადაწყვეტილება მისი მინისტრობის დროს იქნა მიღებული და ეს იყო „წმინდად კომერციული გადაწყვეტილება“, თუმცა ყოფილი მინისტრი იმასაც აღიარებს, რომ რუსეთი ჩვეულებრივი ბიზნეს-პარტნიორი არ არის.
ვრცელ ინტერვიუში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ რუსეთში საქართველოს მარკეტინგზე ფული არ დახარჯულიყო.
- 2013-2018 წლებში რუსეთში საქართველოს მარკეტინგზე „ოცნების“ მთავრობამ ჯამში, 13 მლნ ლარი დახარჯა; გამონაკლისი 2019 წელია. ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო თუ უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა, რადგან ტურიზმის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი 2019 წლის თებერვლამდე არ ჰყავდა...
- ეს, რა თქმა უნდა, ჩემს დროს მიღებული გადაწყვეტილება იყო...
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ როცა 2018 წელს 6 მლნ დაიხარჯა რუსეთში საქართველოს მარკეტინგზე, წელს საერთოდ ლარიც არ დახარჯულიყო?
- ძალიან მარტივად გეტყვით - ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთიდან გვაქვს ისედაც ძალიან დიდი ზრდა ტურისტული ნაკადის. 20%-25%-ის ფარგლებში იზრდებოდა ნაკადები ყველა წელს. ანუ რატომ უნდა დავხარჯოთ ფული იქ, სადაც ვხედავთ, რომ ისედაც ზრდაა? რატომ უნდა დავხარჯოთ ფული, როცა ვხედავთ, რომ ტურიზმიდან შემოსავლების 30% ისედაც რუსეთზე მოდის?
- რისკებიც თუ დაინახეთ, რომ იზრდებოდა რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი?
- ეს არაა უბრალოდ რუსეთზე დამოკიდებულება; როცა დიდი წილი გაქვს ერთი ლოკაციიდან ეს იწვევს რისკებს, ამიტომ რადგან ვხედავდით, რომ ტურისტული ნაკადის ზრდა იყო ისედაც, ბიუჯეტის პრიორიტეტიზაცია გავაკეთეთ უფრო ევროკავშირის ქვეყნებზე, საიდანაც გვინდოდა გაგვეზარდა უფრო მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა საქართველოში, რაც იყო საფუძველი იმ გადაწყვეტილებების, რაზეც ვსაუბრობთ. ეს იყო წმინდად კომერციული გადაწყვეტილება ანუ თუ როგორ განვითარდეს ეს სექტორი საქართველოში.
- მაგრამ რუსეთი ხომ ჩვეულებრივი ბიზნეს-პარტნიორი არ არის?
- რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით. რუსეთი ჩვეულებრივი ბიზნეს-პარტნიორი არის, ეს აბსოლუტურად ასეა. თან რუსეთი გეოგრაფიულად ჩვენი მეზობელია და სხვა ფაქტორებთან ერთად კომბინაციაში, ეს იყო გათვალისწინებული.
- გასაგებია, რომ 1.5 მლნ რუსი ტურისტი შეიძლება ვერ ჩანაცვლდეს, მაგრამ ხომ გვაქვს შანსი, რომ რაოდენობაზე მეტად აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე? როგორც ცნობილია, რუსეთი არაა იმ TOP-10 ქვეყანაში, საიდანაც ჩამოსული ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში...
- ზუსტად ეს იყო ჩვენი სტრატეგია და ამას მივყვებოდით, რომ მარკეტინგის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ევროპაში დაგვეხარჯა და მიგვეღო ხარისხობრივად გაუმჯობესებული ტურისტების ნაკადი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რუსი ტურისტების დაკომპენსირება ისედაც იყო დაგეგმილი.

























