საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ The Economist-ის ორგანიზებულ ფორუმზე "მსოფლიო 2019" ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოვწვევად სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის ზრდა დაასახელა.
"ჩვენ ვიცით, რომ იმის მიუხედავად, რომ დიდი პროგრესი გვაქვს პრივატიზაციებში, ჩვენი უმსხვილესი კომპანიები მაინც რჩება სახელმწიფო კომპანიები და მათი ეფექტურობის ზრდა არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. ბოლო არის საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა,"- ამბობს მინისტრი.
სახელმწიფო კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ზარალიანია. მთავრობის ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, მხოლოდ 2018 წელს 68 სახელმწიფო კომპანიამ ჯამში 562 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ამ კომპანიების ზარალს ანუ მათი არასწორად მართვის საფასურს პირველ რიგში, ცენტრალური ბიუჯეტი, ანუ საქართველოს გადასახადის გადამხდელები და ჯანსაღი ბიზნესები ფარავენ.

























