ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას აზრით, მშენებლობის დარგის შემცირება მხოლოდ საბანკო რეგულაციების შედეგი არაა.
ასე უპასუხა ქობულიამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც მშენებლობის დარგის შემცირების მიზეზებს შეეხებოდა.
საქმე იმაშია, რომ მშენებლობის დარგში კლების ტენდენცია მიმდინარე წლის თებერვალშიც შეინიშნებოდა; 2018 წელს კი, მშენებლობა ერთადერთი დარგი იყო, რომელიც 3%-ით შემცირდა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ მშენებლობის სექტორში 3%-იანი შემცირება მხოლოდ საბანკო რეგულაციების შედეგი არ არის, თუმცა „რეგულაციების შემოღება იმიტომ მოხდა, რომ სხვადასხვა სექტორში გარკვეული შედეგის მომტანი ყოფილიყო“.
“საბანკო რეულაციები იმიტომ არის შემოღებული, რომ ის კრედიტები, რომელიც ადრე გაიცემოდა, არ გაიცეს. მშენებლობის დარგში შემცირება მხოლოდ საბანკო რეგულაციების შედეგი არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვქონდა, რომ საბანკო რეგულაციებს მინიმალური ზემოქმედება ექნებოდა, არა მარტო სამშენებლო, არამედ - სამომხმარებლო საქონლის, ვაჭრობის სექტორზეც. თუ ზემოქმედება არ იქნებოდა, მაშინ საბანკო რეგულაციებს რა აზრი ექნებოდა?”, - განაცხადა ქობულიამ.
ცნობისთვის: მშენებლობის დარგში კლების ტენდენციის მიზეზებზე საუბრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ ეს ძირითადად შენობების საერთო მშენებლობის, ასევე მაგისტრალური მილსადენების კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებებს უკავშირდება.

























