საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტურიზმის სფეროში წლიურად 11,000 ადამიანს გადაამზადებენ.
ამის შესახებ ქობულიამ 2018 წლის ტურიზმის შედეგების შეჯამებისას და სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვინდა და გვჭირდება რომ წელიწადში ტურიზმის სფეროში 11 000 ადამიანი გადავამზადოთ; როგორც მინიმუმ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში 11 000 უნდა გადავამზადოთ. გაწერილი გვაქვს გეგმა, გაწერილი გვაქვს სპეციალობები, გაწერილი გვაქვს კონკრეტული კურსები, როგორ უნდა ვასწვალოთ და ვისწავლოთ და საიდან უნდა მოვიდეს ეს ხალხი. ასეთი კომპლექსური მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ ტურიზმში ის ზრდა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ტურიზმი გახდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ქობულიამ.
ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%) შეადგენს, რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც 2017 წელთან შედარებით +9.8%-იან ზრდას ნიშნავს.

























