მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ვერ გავიგე, რაში ედება ამ ხალხს ბრალი

5d3b398690870
დავით ჯალაღონია
26.07.19 21:33
2381
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიასთვის გაუგებარია, რატომ წაუყენა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით. ამის შესახებ მან „TV პირველის“ გადაცემაში „პირველები“ საუბრისას განაცხადა.

„:ბოლო-ბოლო, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რაში ედება ბრალი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. კონკრეტულად თუ ვინმეს შეუძლია ამიხსნას, მადლობელი დავრჩები. მე ის, რაც წავიკითხე, ვერ გავიგე, რაში ედება ამ ხალხს ბრალი და თუ რამეში ედებათ ბრალი, ფულის გათეთრებასთან მე ვერანაირად ვერ დავაკავშირე.

ფულის გათეთრებას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ფართო ცნება და ეს ფართო სპექტრის დანაშაულები შედიოდეს, მაგრამ მე იმ ფართო სპექტრშიც ვერ ჩავსვი. ეს არის ხელისუფლების არაეფექტურობის მაგალითი, როდესაც ხელისუფლეა ვერ უხსნის საზოგადოებას, ასეთი პოლიტკურად დატვირთული საქმის შემთხვევაში, კონკრეტულად რაში დებენ ბრალს ამ ორ ბიზნესმენს.

პროკურატურამ, კეთილი უნდა ინებოს და პოპულარული ენით აუხსნას ხალხს, რაში ედებათ ბრალი ამ ადამიანებს. რა გააკეთეს და თუ გააკეთეს, რა კავშირშია ეს ფულის გათეთრებასთან. ფულის გათეთრებაა, როდესაც ადამიანი იღებს რათაც შემოსავალს, რომელიც არალეგალურია და მის ლეგალიზაციას ახორციელებს. მე შეიძლება, იურისტი არ ვარ, მაგრამ ეს ელემენტი ვერ დავინახე. ეს არის ერთ-ერთი გარემოება.

მეორე - საზოგადოებაში ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ ესოდენ ხანდაზმული ფაქტი, ახლა გახდა ცნობილი“, - განაცხადა ქობულიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისთვის პოლიტიკური მოტივები ცალსახაა თუ არა ამ საქმეში, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პასუხად აღნიშნა, რომ იგი მსგავს შეფასებას ვერ გააკეთებს.

„მე ვერ გავაკეთებ ასეთ შეფასებას, რადგან ფაქტები არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება და ეს კითხვები უჩნდება საზოგადოებას, რომ თუ ამ ხალხმა ეს დანაშაული ჩაიდინა, არის მთელი რიგი მაკონტროლებელი ორგანოები, თუ ეს დანაშაული იყო ცნობილი ვიღაცისთვის, რატომ ამოტივტივდა მაინცდამაინც ახლა? ეს კითხვას აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაშიც“, - აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მისივე განცხადებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ქვეყნიდან პროკურატურის ინფორმირების გარეშე ვერ გავლენ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები