საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ, 13:00 საათზე პარლამენტის შენობის კინოდარბაზში მივა.
როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა და პარლამენტში, ღია ფორმატში მოსვლა შესთავაზა.
„შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე.
ცნობისთვის: პარლამენტში ანგარიშის წარდგენის სურვილი გიორგი ქობულიამ გადაცემა "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად გამოთქვა.

























