გიორგი ქობულიამ ანაკლიის პორტზე საკუთარი განცხადება მეორედ განმარტა
BM.GE
14.07.18 18:20
• 741
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პორტი საქართველოს სატრანსპორტო კორიდორის განუყოფელი ნაწილი იქნება.
"საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი დიდი უპირატესობა. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ გეოგრაფიული პოტენციალის რეალიზება ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბების სახით. ამ ჰაბის ჩამოყალიბება ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად არ ხდება, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გავიაზროთ კიდევ ერთხელ საქართველოს სატრანსპორტო კორიდორის განვითარების სტრატეგია და ამ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი რა თქმა უნდა, იქნება ანაკლიის პორტიც. ეს იყო, რაც ვიგულისხმე მე და რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ეს სტრატეგია დაფარავას არა მარტო პორტს, არამედ ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა ნაწილს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს სრულფასოვნად განვითარებულ სატრანსპორტო დერეფნად", – განაცხადა ქობულიამ
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პირველი განცხადება გიორგი ქობულიამ გუშინ გააკეთა.
"ანაკლიის პროექტი არის განსახილველი პრიორიტეტი, აქ საუბარია კონპლექსურ შესწავლაზე ამ საკითხის და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ მას კომპლექსში", - ასეთი პასუხი გასცა ქობულიამ პარლამენტში გაერთაინებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი მისთვის პრიორიტეტი.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოში ერთერთი უმსხვილესია და შეუძლებელია ის პრიორიტეტული არ იყოს, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხს ახალი თვალით უნდა შეხედონ და კვლევები განაახლონ.