გიორგი ქობულიას მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე არც ერთხელ არ მოუთხოვია ჩვენთან შეხვედრა,- ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს. კონსორციუმი პასუხობს გიორგი ქობულიას მიერ bm.ge-სთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მას ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების კვლევა არ უნახავს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გადაწყვიტა პასუხი გაეცა ანაკლიის პორტის ყველა მოწინააღმდეგესთვის. თუმცა იქამდე უნდა აღვნიშნოთ ანაკლიის პორტის ერთ ერთი მოწინარმდეგის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ბატონი გიორგი ქობულიას შესახებ, რომელსაც თავისი მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე არც ერთხელ არ მოუთხოვია ჩვენთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებული მნიშვნელობა (თუნდაც მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) ყველასთვის გასაგებია და შესაბამისად, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ემსახურება მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს.
არის თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კომერციულად გამართლებული?
აქაც გვინდა ცალსახად ავღნიშნოთ რომ ანაკლიის პორტი კომერციულად აბსოლუტურად გამართლებულია. ჩვენ არაერთხელ გვაქვს მთავრობისთვის გაგზავნილი და წარდგენილი ტვირთბრუნვის პროგნოზები, ყველა ეს პროგნოზი გაკეთებულია არაერთი საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. რაც, ცალსახად ადასტურებს, რომ შემდეგი 15 წლის მანძილზე რეგიონში ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დაახლოებით 1.6 მილიონი TEU-ს გატარება მოხდება ჩვენი დერეფნის გავლით, რაც ნიშნავს რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კომერციულად სრულიად გამართლებული. საინტერესოა წაკითხული აქვს თუ არა ბატონ ქობულიას ეს დასკვნები?",- ნათქვამია განცხადებაში.

























