"სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა. რამიშვილი ამბობს, რომ ის მამუკა ხაზარაძის მეგობარია და მას მიმდინარე პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის იმედი აქვს.
გიორგი რამიშვილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროცესი საქართველოს სასიკეთოდ დასრულდება.
"მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ მეგობრები; მე იმედი მაქვს, რომ წარიმართება გამჭვირვალედ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამთავრდება საქართველოსთვის სასიკეთოდ,"- ამბობს გიორგი რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინეს. გვიან ღამით, მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის ჯგუფის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გარე შეტევისგან ბანკის დაცვის მიზნით მიიღო. ბანკირების უფლებადამცველი, ზვიად კორძაძე წარდგენილ ბრალდებას "პროკურატურის სირცხვილს" უწოდებს.
გუშინვე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 12%-ით დაეცა.

























