საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს, - როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა ’’ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. როგორც სამანიშვილი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მას მხარს უჭერს ღვინის ეროვნული სააგენტოც და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმიან დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.
-ბატონო გიორგი, რა ცვლილებები შედის ?
- ცვლილებები ფაქტობრივად კანონის ყველა თავს შეეხება, რაც ამ კანონშია, თუმცა პოლიტიკა არ იცვლება. მისი უფრო გათანამედროვება ხდება, ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ კანონში 2002 წელს შევიდა და ცოტა ჩამორჩა დღევანდელ ჩვენს რეალობას და საერთაშორისო წესებსა და კანონმდებლობებს. ასე, რომ კანონის გადახედვა და განახლება ხდება და მათ შორის იყო ინიციატივა კერძო სექტორიდან, რომ ჩამოსასხმელი სახით ღვინის ქვეყნის გარეთ გატანა აგვეკრძალა.
-ხომ არ არის ეს დისკრიმინაციული, რადგან ხარისხზე ზრუნვის პარალელურად ხომ არ შევეხეთ სეგმენტს, რომელიც ამ შემთხვევაში ამით ფულს შოულობდა?
-ამაზე ძალიან დიდხანს და ხანგრძლივი საუბრები იყო. აქ უპირველესი ის არის, რომ ექსპორტზე გატანილი ქართული ღვინის გაყალბების რისკები შემცირდეს, რადგან ვერ ვაკონტროლებთ რამდენი ღვინო ისხმება. მეორე, რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ჩამოსასხმელი სახით ექსპორტზე გადის ძალიან მცირე რაოდენობის ღვინო, ჩამოსხმულთან შედარებით. ჩამოსხმული ბოთლის სახით 50 მილიონი ბოთლი გავიდა გასულ წელს, ხოლო ჩამოსასხმელი მხოლოდ 500 ათასი ლიტრი. ჩამოსასხმელი ღვინის ფასიც გაცილებით დაბალია და მეტ ფულს არა ქართველი, ადგილობრივი მწარმოებელი შოულობს, არამედ ის ვინც იქ ჩამოასხამს შემდეგ ამ ღვინოს ბოთლებში და ისე გაყიდის. ამ გარემოების აწონ-დაწონით და ექსპორტის ზრდის გამო და ასევე ის იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ჩამოსასხმელ ღვინოზე ადილობრივ ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე შეიძლება სხვა ბაზრებზე იყოს, საჭიროებაც კი არ არსებობს და პრევენცია ხდება. ის კომპანიები, რომლებიც ჩამოსასხმელი ღვინის გატანაზე მუშაობდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ეს ინიციატივა კანონში შედის, ბევრმა ამ ღვინის მიწოდება შეწყვიტა, რადგან არც მომგებიანია და ხანგრძლივ ხედვაში ვერ გაგრძელება.
-საკანონმდებლო პაკეტის განახლებას რა სიახლეები უკავშირდება?
-კანონი ’’ვაზისა და ღვინის შესახებ“ 1997 წელს არის მიღებული და მაშინვე ორიენტირი აღებული იყო ევროკავშირის კანონმდებლობიდან, რომელიც დღესაც ზოგადად ღვინის კონტროლის სისტემის ეტალონია. ის ტერმინები, რაც კანონმდებლობაში იყო გამოყენებული, მაშინდელ ტერმინოლოგიას შეესაბამება, დღეს კი ბევრი ტერმინი იგივე ევროკავშირის ქვეყნებში შეიცვალა და ხშირად ღვინის ექსპორტზე პრობლემასაც კი ქმნიდა ხოლმე. ეს ტერმინები ჰარმონიზაციაში მოდის საერთაშორისოდ მიღებულ კანონებთან. ქვევრის ღვინის განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია, კანონი უნდა განმარტავდეს, რომ ყველა ღვინოს არ შეიძლება ქვევრის ღვინო ერქვას, რადგან ქვევრის ღვინო ქვევრში დამზადებული ღვინო უნდა იყოს მხოლოდ. ესეც კანონმდებლობის დონეზე უნდა გაიწეროს. ახალი ტერმინი შემოდის -ქარვისფერი ღვინო და ამ ჯგუფში გაერთიანდება ისეთი ღვინოები, რომელიც ტრადიციულად ქართულად მზადდება, იქნება ეს კახური, იმერული, ქართლის თუ რაჭის მეთოდები, რომელიც ცოტა სხვა შეფერილობის ღვინოს გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირება მარტივდება, ისეთი განმარტებები, რომლებიც ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა ზუსტდება და დარგი შეთანხმებულია, მას კანონმდებლობა გავლილი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტიც მიიღებს ამ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია.

























