ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, იანვარ-აპრილის პერიოდში ღვინის ექსპორტი გაზრდილია. საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე "საქმიან დილასთან" ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.
- ბატონო გიორგი, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რა ღონისძიებები განახორციელა იმისთვის, რომ დღეს მთელ რიგ საექსპორტო ბაზრებზე მზარდი მაჩვენებელია?
- ექსპორტი 2015 წელთან შედარებით 84 %-ით გაიზარდა. წილი რუსეთის მიმართულებით 51% რჩება - ზუსტად იმდენი, რამდენიც 2015 წელს იყო, ანუ წილი არ გაზრდილა. დინამიკაში რაც ხაზგასასმელია ეს არის ის, რომ ექსპორტი ყველა მიმართულებით გაიზარდა. უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიმართულებით ზრდა იმიტომ, რომ 2015 წლის დასაწყისში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო რუსეთის ბაზარზე. რეგიონში მდგომარეობა დასტაბილურდა და ის ბიზნეს ურთიერთობები გადაიხედა, რაც ქართველ ექსპორტიორებსა და იქაურ იმპორტიორებს ჰქონდათ. ძირითადად ფასების შემცირების ხარჯზე მოცულობა მაინც გაიზარდა, ჯამური შემოსავალი გაზრდილია. მიმართულებები ცალსახად პოზიტიურია.
- სწორხაზოვნად თუ ხდება დივერსიფიცირება და დივერსიფიცირების პოლიტიკა რამდენად არის დამაკმაყოფილებელი?
- ხაზგასმა შეიძლება, რომ ზრდა ყველა მიმართულებით არის, როგორც ტრადიციული ბაზრების, ასევე ამერიკის, აზიის, ჩინეთის მიმართულებით. ევროკავშირის მიმართულებითაც იგივეს ვიტყოდი, მაგალითად პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. საფრანგეთში დაბალი წილია, მაგრამ მაჩვენებელი იქაც გაორმაგებულია. ასე, რომ ექსპორტი ყველა მიმართულებით იზრდება, დივერსიფიცირების პროცესი საკმაოდ წარმატებით მიდის.
- ევროპულ ბაზარზე წავაწყდით თუ არა გარკვეულ სირთულეებს?
- ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე მდგომარეობა მძიმე იყო და ზოგადად ტენდენცია უფრო აზიის, დასავლეთისა და ევროკავშირის მიმართულებით მზარდია. ცალსახად შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ ამას ხელი არ შეშლია, დივერსიფიცირება ისევ წარმატებულად ხორციელდება და აღსანიშნავია, რაც ციფრებში არ ჩანს - ჩვენი ღვინის ცნობადობა ყოველდღიურად იზრდება.
- როგორც აღნიშნულია, დივერსიფიცირების მიმართულებით ჩინეთი უნდა იყოს წამყვანი და წლიდან წლამდე მატება გვაქვს ამ მიმართულებით...
- დღეს მსოფლიო ბაზარზე ჩინეთი ღვინის მიმართულებით ყველაზე დინამიურად მზარდი ბაზარია, შემაფერხებელი ფაქტორები ღვინოზე ნაკლებად ახდენს გავლენას იმიტომ, რომ თუ აქამდე ღვინოს მხოლოდ ელიტარული ფენა მოიხმარდა, რომელიც ევროპასთან დაახლოვებული იყო, დღეს ღვინოს უკვე საშუალო ფენა მოიხმარს. ზოგადად ღვინის მოხმარება იზრდება, ამიტომ ზუსტად დროული იყო ქართული ღვინის რეკლამირება, რაც წინა წლებში კეთდებოდა, ღვინო ამ ზრდას მიყვება. ასე, რომ ის მაკროეკონომიკური შეფერხებები, რაც შეიძლება მოხდეს, ჯერჯერობით ქართული ღვინის გაყიდვაზე გავლენას არ ახდენს.
- შეგვიძლია თუ არა გეგმებში გავწეროთ ხუთეულის ცვლილება, მაგალითად უკრაინა რომ რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ ჩაანაცვლოს, ან ჩინეთმა აიწიოს პოზიციები?
- რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტის 2000 წლის დასაწყისში იყო 95%. 2005 წელს 87% და ახლა არის 51%. ფაქტობრივად განახევრდა. ეს არა მხოლოდ გაყიდვების შემცირებით, დივერსიფიცირებითაც. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ჩინეთზე უფრო მალე დავინახავთ შედეგებს, რადგან საკმაოდ დინამიკურად იზრდება ჩინეთის ბაზარი. გეგმაში გვაქვს, რომ ამერიკაც ლიდერებში შევიდეს, ევროკავშირი უფრო გაჯერებული ბაზარია და ალბათ უფრო აზია და ამერიკა, რომლებსაც უფრო ხუთეულსა და შვიდეულში ვნახავთ.

























