"გიორგი სამანიშვილი თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ, ის სამეცნიერო მიმართულებით სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას“ - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში "ღვინის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგიც ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
"გიორგი სამანიშვილთან დაკავშირებით მოხდა ჰორიზონტალური გადაადგილება. მე მინდა განვაცხადო, რომ ეს არ იყო სამსახურიდან განთავისუფლება, ის გადაადგილდა თავისი გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის სისტემაში. მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით, სამეცნიერო მიმართულებით იგეგმება გარკვეული ინოვაციები და ინსტიტუციონალური გაძლიერება და გიორგი სამანიშვილის მოღვაწეობა სწორედ იქ განიხილება" - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სამანიშვილი "ღვინის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა, მან ეს პოზიცია 14 მაისს დატოვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით Bm.ge სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ "ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელის თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩება, რადგან კონკურსი ჩაიშალა და ახლო მომავალში ის თავიდან გამოცხადდება. კონკურსის ჩაშლის მიზეზი კი შემდეგია, კანდიდატებმა გასაუბრების მეორე ეტაპი ვერ გაიარეს.

























